ზურაბ ვადაჭკორია საქართველოში ილუზიონიზმის თანამედროვე კულტურის დამფუძნებელია.
თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ცნობილი ქართველი ილუზიონისტის ზურაბ ვადაჭკორიას სახელი ეწოდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
57 წლის ზურაბ ვადაჭკორია 2018 წლის 1 მარტს გარდაიცვალა. ქუჩა, რომელსაც ილუზიონისტის სახელი ეწოდა, შემთხვევით არ შერჩეულა - იგი ჩუღურეთის რაიონში იმ უბანში მდებარეობს, სადაც ცნობილი ილუზიონისტი ცხოვრობდა.
ქუჩის გახსნის ცერემონიას თბილისის საკრებულოს წევრები, ვადაჭკორიას ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წელს ვადაჭკორიამ ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც ერთი თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმების ვარაუდით მისი გადარჩენის შანსი მხოლოდ 1% იყო. ვადაჭკორია მდგომარეობიდან გამოვიდა, თუმცა, მეორე ინსულტი უკვე ვერ გადაიტანა.
ვინ იყო ვადაჭკორია?
ზურაბ ვადაჭკორია 1961 წლის 24 თებერვალს თბილისში დაიბადა. 18 წლის იყო, როცა სცენაზე დადგა. 1981 წელს ზურაბი მოსკოვის ილუზიონისტთა კლუბის წევრი გახდა. 1984 წელს ჰქონდა პირველი სერიოზული გასტროლები ინდოეთსა და ნეპალში.
იგი საქართველოში ილუზიონიზმის თანამედროვე კულტურის დამფუძნებელია.
1997 წელს ზურაბმა სახელმწიფო ტელევიზიაში დასაბამი დაუდო ნახევარსაათიან პროგრამას „ფოკუს-მოკუსი ყველასათვის".
ზურაბ ვადაჭკორიას ქართულ ენაზე დაბეჭდილი აქვს 4 წიგნი. მათში ავტორი არა მარტო ახალ ფოკუსებს სთავაზობდა მკითხველს, არამედ განმარტავს ძველ ცნობილ ტრიუკებს.
2007 წელს ზურაბმა პირველად შეასრულა საავტორო ტრიუკი — „გაქცევა ელექტრული კაფსულიდან". იმ წელსვე გამოუშვეს საფოსტო მარკა „ქართული ილუზიონისტური ხელოვნება" ზურაბ ვადაჭკორიას სილუეტით.
ზურაბ ვადაჭკორია ლექციებს კითხულობდა თეატრალურ და საესტრადო-საცირკო ინსტიტუტში.
2000 წელს ზურაბ ვადაჭკორია პრეზიდენტის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.