kaxi13 სექტემბერს, ქართველი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა ისტორიული ფაქტის მომსწრე გახდა. პირველად, ამ ორი ერის იტორიაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში, ქართული საშუალო სკოლის ახალი, უმაღლესი სტანდარტების შენობა საზეიმოდ გაიხსნა.

დღეიდან, სოფელ ალიბეგლოს ქართული საშუალო სკოლის 160 მოსწავლე, ახალ სასწავლო წელს თანამედროვე სტანდარტების შენობაში დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად, შესაბამისი თანხა სახელმწიფოს მეთაურის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. საზეიმო გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ. მან მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და სწავლა-განათლების პროცესში წარმატებები უსურვა.

ელჩმა აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და ქვეყნის განათლების სისტემის მესვეურებს მადლობა გადაუხადა. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ სოფელ ალიბეგლოს ქართული საშუალო სკოლის პრობლემის მოგვარება შეიძლება შეფასდეს, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარების საქმეში. საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს სასწავლო კაბინეტები, გაესაუბრნენ მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს. უახლოეს მომავალში, საქართველოს საელჩოს თაოსნობით დაგეგმილია შენობის სასკოლო ტექნიკით აღჭურვა.

სკოლის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოადგილე იდრის ისაევი, საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში ნიკოლოზ იაშვილი, კახის რაიონის ხელმძღვანელობა და ადგილობრივი მაცხოვრებლები.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტ - ილჰამ ალიევის ბრძანებით, კახის რაიონში აშენებული, სოფელ ალიბეგლოს შოთა რუსთაველის სახელობის ქართულენოვანი სკოლის შენობის გახსნა აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს ისტორიული მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების აშკარა მაგალითია“ - წერს აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში საკუთარ გვერდზე.

„ეს ზღაპრული საშუალო სკოლა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით აშენდა აზერბაიჯანის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში, აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს მიერ. სწავლება ჩატარდება ქართულ ენაზე. შენობა განკუთვნილია 200 -ზე მეტ მოსწავლეზე. ეს არის უდიდესი საჩუქარი ადგილობრივი თემისთვის .“ - წერს ტვიტერის საკუთარ გვერდზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის საკითხთა განყოფილების უფროსი - ჰიკმეტ ჰაჯიევი.

აღნიშნული ფაქტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯია ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში და დიდ შექებას იმსახურებს.

*  *  *

კახის რაიონის სოფელ ალიბაილის შოთა რუსთაველის სახელობის ქართულენოვანი სკოლის შესახებ

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2018 წლის 29 ოქტომბრის 599 ნომრიანი ბრძანებულებით 2018 წლის ნოემბრის თვიდან კახის რაიონის სოფელ ალიბეილში დაიწყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართულენოვანი საშუალო სკოლის მშენებლობა.

11 169.69 მ² შემდგარი ახალი სკოლის კორპუსის საერთო ფართი 3 534.32 მ². სკოლას გააჩნია 11 საკლასო ოთახი, 3 ლაბორატორია, 2 შრომის ოთახი, ინფორმატიკის კაბინეტი, ლინფაგონის ოთახი, სამხედრო მომზადების ოთახი, ბიბლიოთეკა, სკოლამდელი აღზრდის ოთახი, სპორტული დარბაზი, სააქტო დარბაზი და სასადილო ოთახი. გარდა ამისა, სკოლის ეზოში არის სპორტული აღჭურვილობა.
სკოლას, რომელიც გათვლილია 216 მოსწავლეზე, ამჟამად 161 მოსწავლე ჰყავს. სასწავლო პროცესში ჩართულია 35 მასწავლებელი.

2018-2019 სასწავლო წელს 16 სკოლადამთავრებულებიდან რვამ წარადგინა განაცხადი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასარიცხად, მათგან 7 ჩარიცხულია.
სკოლის დირექტორი ანდრო სონაშვილი ხელმძღვანელობს სკოლას 1974 წლიდან.

Источник: http://geotimes.ge/index.php?m=5&news_id=69292&cat_id=23