საქართველო ზედიზედ მესამედ მოხვდა „ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი“ დონის მქონე ქვეყნის კატეგორიაში.

ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) საქართველომ მსოფლიო რეიტინგში 193 ქვეყანას შორის გაიუმჯობესა პოზიციები და მე-60 ადგილი დაიკავა, - ამის შესახებ გაერო-ს მიერ გამოქვეყნებულ „ადამიანის განვითარების“ 2023-2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

საქართველო ზედიზედ მესამედ მოხვდა „ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი“ დონის მქონე ქვეყნის კატეგორიაში. საქართველოს ადამიანის განვითარების ინდექსის საერთო მაჩვენებელი 0,814-ს შეადგენს.
საქართველო რეიტინგში უსწრებს სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, უკრაინას, მოლდოვას, ყაზახეთს, თურქმენეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, ჩინეთს.

ადამიანის განვითარების ინდექსი აფასებს ქვეყნების განვითარებას მთელს მსოფლიოში სამი ძირითადი პარამეტრით: სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა და ჯანმრთელობა, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ცხოვრების ღირსეული დონე. საერთო ინდიკატორთან ერთად, ინდექსი ასევე ითვალისწინებს ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა უთანასწორობა, გენდერული სხვაობა, მრავალგანზომილებიანი სიღარიბე და ზეწოლა პლანეტაზე.

საქართველოს მთავარი პრობლემა

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას აქვს მაღალი მაჩვენებლები საერთაშორისო რეიტინგებში და ისტორიული მაჩვენებლები უმუშევრობისა და სიღარიბის კუთხით, საქართველოს ხელისუფლება კვლავ უკმაყოფილო რჩება შექმნილი სიტუაციით.

„დღეს ჩვენ არ ვართ ბედნიერი იმ სურათით, რომელიც არის ჩამოყალიბებული, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები, როგორც სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, ასევე დასაქმების კუთხით, ასევე ნებისმიერი სხვა სოციალური პარამეტრის თვალსაზრისით, ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი ვიდრე სიღარიბე არ განულდება საქართველოში და ვიდრე უმუშევრობის პრობლემა საბოლოოდ არ დაიძლევა. ეს არის მთავარი ეროვნული ამოცანა, რომელიც აქვს ჩვენ ხელისუფლებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი შეადგენს 15,6%-ს, უმუშევრობის - 15,3%-ს.