დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები გამომდინარეა თავად საპენსიო ფონდის ეფექტიანობისა და მათ შორის, საპენსიო დანაზოგების ეფექტიანად მართვის საჭიროებით, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
ოპოზიციური პარტია „ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, რომელიც „დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, 5 მილიარდი ლარის მართვის უფლება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მიერ არჩეულ და კონტროლირებად პირებს გადაეცემა - აღნიშნულო თანხას აქამდე საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი მართავდა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ სანქციების და საერთაშორისო სკანდალების საფარქვეშ ფინანსური სპეცოპერაცია დაიწყო.
„ცვლილებები გამომდინარეა თავად საპენსიო ფონდის ეფექტიანობისა და მათ შორის, საპენსიო დანაზოგების ეფექტიანად მართვის საჭიროებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პირველი მოსმენით განხილვისას დეპუტატებმა იმსჯელეს ცვლილებების მიზეზებზე და სტრუქტურასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის რეკომენდაციებზე.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „რადიკალური ოპოზიცია" ცდილობს მოიძიოს ახალი თემები, ვინაიდან „გამჭვირვალობის შესახებ" ქართულ კანონთან დაკავშირებით ყალბი პროპაგანდა ვერ შედგა.
„ხედავენ, რომ მათი ყალბი პროპაგანდა გამჭვირვალობის ქართულ კანონთან დაკავშირებით ვერ შედგა, ახლა ცდილობენ მოძებნონ ახალი თემები. ერთ რამეს მოვუწოდებ, მოემზადონ არჩევნებისთვის, თუკი რამე აქვთ საარჩევნოდ სათქმელი მოსახლეობისთვის, გარდა იმისა, რომ არიან მოღალატეები", - განაცხადა პაპუაშვილმა.
კანონპროექტი ეხება საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემის ცვლილებას, რის შედეგადაც საპენსიო სააგენტოში ორი არათანაბარი მმართველი რგოლის/საბჭოს (საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები) ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო – „მმართველობითი საბჭო“, რომელიც განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციებს.
კანონპროექტი ითვალისწინებს საპენსიო სააგენტოს სახელის ცვლილებას და ის განისაზღვრება როგორც „საპენსიო ფონდი“.
კანონპროექტის თანახმად, მმართველობითი საბჭო დაკომპლექტდება არანაკლებ ცხრა და არაუმეტეს 15 წევრისგან, რომელთაგან ცხრა წევრის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ერთ წევრს ნიშნავს, ხოლო ცხრა წევრზე მეტის შემთხვევაში უფლებამოსილია, თანამდებობაზე დანიშნოს ორი წევრი, დანარჩენი წევრები არიან პროფესიონალი, შერჩევის შედეგად დანიშნული წევრები.
მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრი ინიშნება ხუთი წლის ვადით და მას შეარჩევს კომისია, რომელიც შერჩეულ კანდიდატებს დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
2024 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულებამ 4,9 მლრდ ლარი შეადგინა.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანია ჩართული. დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის დაახლოებით 9,6 ათასმა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 31,9 მლნ ლარს შეადგენს.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე ირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად იხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს რიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას არ იღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.