დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა თბილისში სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 23-დან 62 წლამდეა, არის წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირიც.
დაკავებულებს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღებას, გასაღების მომზადებასა და მცდელობას ედავება.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების, პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „ალფა-პვპ", „ბუპრენორფინი", „კლეფედრონი", „მეთადონი" „ამფეტამინი“, „მეტამფეტამინი“ და „მდმა". ასევე ამოღებულია ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პაკეტები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 18-260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.





