ინდოეთი ზეწოლას ახორციელებს ჩინეთზე დეესკალაციისა და გამიჯვნის მიზნით, რისთვისაც ორი ქვეყნის საზღვარზე სამხედრო ძალების რეკორდული რაოდენობა განათავსა, განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრამანიამ ჯაიშანკარმა.

„დღეს ჩინეთთან საზღვარზე ინდოეთის არმია ისეთი რაოდენობითაა განლაგებული, რაც აქამდე არასდროს გვქონია. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ხელი შევუშალოთ ჩინეთის [არმიის] განთავსებას, რომელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა 2020 წლიდან“, — თქვა მან.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არავის აქვს ინდოელი ჯარისკაცების კრიტიკის უფლება, რომლებიც საზღვარს იცავენ, ვინაიდან ეს ყველაფერი „დეესკალაციისა და საზღვრების გამიჯვნის მიზნით კეთდება ჩინეთზე ზეწოლის გზით“.

ჯაიშანკარის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დღეისათვის „ნორმალური არ არის“, რასაც ქვეყნის მმართველი პარტია საჯაროდ აცხადებს.

მანამდე ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა რაჯნათ სინგმა განაცხადა, რომ 9 დეკემბერს ჩინეთის ჯარები საზღვრის დარღვევასა და „სტატუს კვოს ცალმხრივად შეცვლას“ შეეცადნენ არუნაჩალ-პრადეშის შტატში. შეტაკების შედეგად იყვნენ დაშავებულები, არავინ დაღუპულა. ინდოეთის ხელისუფლებამ მოუწოდა ჩინურ მხარეს, „თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან და შეინარჩუნოს მშვიდობა და სიმშვიდე საზღვარზე“.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვითარება ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარზე სამხედროების შეტაკების შემდეგ სტაბილურია, მხარეები კონტაქტებს დიპლომატიური და სამხედრო არხებით ინარჩუნებენ.

წყარო:https://sputnik-georgia.com/20221220/cinet-indoetis-urtiertoba-273243663.html