მისმა მოწაფეებმა, 2015 წელს, თბილისის პირველი ეროვნული საგუნდო მუსიკის კონკურსის ოქროს მედალი დაიმსახურეს.
დღევანდელი მასალის გმირი მუსიკოსი და ფოლკლორისტი რუსუდან ჩიტაურია. საუბრის დროს გვითხრა, რომ სიცოცხლე აგონებს პეპელას, რადგან ხანმოკლე წუთისოფელი აქვს. ამიტომ მისი აზრით, ადამიანმა აქ „ფრენაც“ და ზეცისკენ ნელ-ნელა ასვლაც ღირსეულად უნდა შეძლოსო. თავადაც ღირსეულად ცხოვრობს და ამის თქმის საბაბს მისივე აქტიური და ქართული საქმიანობა იძლევა. დღეს გურჯაანის სამუსიკო გაერთიანების სასწავლო-მეთოდოლოგიის დარგის მთავარი სპეციალისტია. ქალბატონი რუსუდანის ნაშრომი შევიდა სამტომეულში „საქართველოს სიძველენი“, სადაც ერთი ტომი ქართულ ხალხურ სიმღერას დაეთმო.
- ქალბატონო რუსუდან, სიმღერის სიყვარული ალბათ ბავშვობიდან გამოგყვათ?
- ქართული სიმღერისადმი სიყვარული გადმომეცა დედისგან, რომელიც კარგად მღეროდა. ეს უკვე საბავშვო ბაღში გამოჩნდა. ჯერ კიდევ ოთხი-ხუთი წლის ასაკში კომპოზიტორ მერი დავითაშვილის ყველა სიმღერას ვმღეროდი. 60-იან წლებში გურჯაანის სამუსიკო სკოლის დირექტორად და დამფუძნებლად მუსიკოსი ვახტანგ კოპინაშვილი მოგვევლინა. მუსიკისადმი ჩემი სერიოზული მიდგომა სწორედ მისი დამსახურებაა
- იმ პერიოდის გურჯაანში თუ იყო აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება?
- რა თქმა უნდა იყო. მახსენდება რაიონის მასშტაბით საშუალო სკოლების მოსწავლეთა გუნდების დათვალიერებები, რომელშიცყველა სოფლის სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას. მაშინ პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი და ჩვენი გუნდი ოთარ ბეციაშვილის ხელმძღვანელობით იმ დათვალიერებაზე მუდამ გამოდიოდა. მე ხან სოლისტი ვიყავი, ხან -კონცერტმაისტერი. მახსოვს თეატრალური დასი გურჯაანის კულტურის სახლში, სადაც სპექტაკლები იდგმებოდა და თეატრების დათვალიერება იმართებოდა. ჟიურის წევრებად რეჟისორები თბილისიდან ჩამოდიოდნენ.
- კონსერვატორიაში მომავალ სპეციალობად ფოლკლორისტიკა აირჩიეთ?
. დიახ, კონსერვატორიაში მუსიკისმცოდნეობა–საკომპოზიტორო ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ჩემი ხელმძღვანელი ფოლკლორში იყო ეთნომუსიკოლოგი და ხელოვნებათმცოდე ოთარ ჩიჯავაძე, რომელმაც ლეჩხუმის კუთხის სიმღერების ჩაწერა, შესწავლა და შემდეგ მისი გაშიფრვა ჩამაბარა. საბოლოოდ ეს თემა სადიპლომო ნაშრომად გავიტანე. ამ საქმეს სამი წელი მოვანდომე. 1982-83 წლებში ლეჩხუმის ექსპედიციებში ვიღებდი მონაწილეობას, რის შედეგადაც 45 სიმღერის ჩაწერა მოვახერხე. ამგვარად ფოლკლორისტიკის მეცნიერებაში სიღრმისეულად ჩავერთე.
- კონსერვატორიის მერე პროფესიით სად იმუშავეთ?
- ჩემი პირველი ფოლკლორული ანსამბლი უმაღლესის მერე სიღნაღის სამუსიკო სასწავლებელში შევქმენი. შემდეგ გადამიყვანეს დირექტორად სოფელ შრომის, ახლანდელი ვაჩნაძიანის სამუსიკო სკოლაში, სადაც ცხრა წელი ვიმუშავე. 1995 წლიდან ფოლკლორისტად ვმუშაობ თბილისის მესამე სამუსიკო სასწავლებელში, სადაც ფოლკლორული ანსამბლი „მარიალისი" ჩამოვაყალიბე. 2010-12 წლებში თბილისის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთში" ვმუშაობდი. იქაც მყავდა ფოლკლორული ანსამბლი „აგუძერა", სადაც ყველა კუთხის სიმღერებს, განსაკუთრებით, აფხაზურ სიმღერებს ვმღეროდით. 2013 წელს სამუშაოდ გურჯაანში, სამუსიკო სკოლების გაერთიანების დირექტორად გადმოვედი. რაიონში დავაფუძნე საერთაშორისო საგუნდო და ხალხური სიმღერის ფესტივალი, რომელიც2013 წელს წარმატებით ჩავატარეთ.
- რაიონში მთავარ სპეციალისტად თქვენი მუშაობის დროს რა სახის ღონისძიებები ჩატარდა?
- შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში ბევრი ღონისძიება ჩატარდა. სიმღერის საერთაშორისო ფესტივალის გამართვაორ წელიწადში ერთხელ დამკვიდრდა. ფესტივალის დაარსებიდან მეხუთე წლისთავზე ესტონეთის ქალაქ კუუსალუსა და ჩვენს მუნიციპალიტეტს შორის მეგობრული მემორანდუმი გაფორმდა. სოფელ კალაურის მკვიდრის, საოპერო მომღერლის, ბექა გოგინაშვილის მიერ ფონდ „თამარიანთან“ ერთად სიმღერის საერთაშორისო კონკურსი „ემიგრანტის სითბო საქართველოს“ დაფუძნდა. ეს კონკურსი 2016 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
- როგორც ვიცი, თქვენი მუსიკალური ნაშრომი წარმატებული აღმოჩნდა...
- 2019 წელს ბატონ ანზორ ერქომაიშვილის პროექტში ამერიკულ-ქართულმა გამომცემლობამ ინგლისურ ენაზე დაბეჭდა სამტომეული „საქართველოს სიძველენი“, სადაც ერთი ტომი მთლიანად ჩვენს ხალხურ სიმღერას დაეთმო. მასში შესულია ჩემი ნაშრომიც ლეჩხუმური ხალხური სიმღერების და ლეჩხუმელი მომღერლების შესახებ, რაც ძალიან მეამაყება.
ნინო მამულაშვილი