განახლებული ექსპოზიციის დათვალიერება ეროვნულ გალერეაში 13 თებერვლიდანაა შესაძლებელი

თითქმის ერთი წლის შემდეგ, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების საერთაშორისო ტურნე დასრულდა, მხატვრის 50-მდე ნამუშევარი საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

2023-2024 წლებში ფიროსმანის ნამუშევრები საერთაშორისო მნიშვნელობის ოთხ საგამოფენო ცენტრში გამოიფინა. პირველი პერსონალური გამოფენა დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. მხატვრის 50-მდე ნამუშევარი ოთხი თვის განმავლობაში 250 ათასმა დამთვალიერებელმა ნახა. ამის შემდეგ ექსპოზიციამ გადაინაცვლა შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში.

ქართველი მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა ბრიუსელში, საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში გამართულ ორ მნიშვნელოვან გამოფენაზეც - „ავანგარდი საქართველოში. 1900-1936“ და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“.

ამიერიდან მხატვრის ნამუშევრები კვლავ ეროვნულ გალერეაში გამოიფინება. აღსანიშნავია, რომ განახლებული ექსპოზიცია დამთვალიერებლის წინაშე მხატვრის 20-მდე ნამუშევარს წარადგენს, მათ შორის შედევრებს „მეთევზე წითელ პერანგში“, „ჟირაფი“, „მსახიობი მარგარიტა“ და სხვა.

განახლებული ექსპოზიციის დათვალიერებას გალერეის სტუმრები 13 თებერვლიდან შეძლებენ.

ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.