თავისუფალი ეკონომიკური ზონების პერსპექტივებზე და ანაკლიის პორტის როგორც ლოგისტუკური ჰაბის ფუნქციაზე და მის ეკონომიკურ დატვირთვაზე, გთა ვაზობთ ჯორჯიან თაიმსის ვრცელ ინტერვიუს საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორთან, პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან.


-ექსპორტის გაცილებით მაღალი დივერსიფიკაციის მიღწევა შესაძლებელია მეტი საექსპორტო ბაზრებზე შესვლითაც. ამ მხრივ, რამდენად  ვზრდით ჩვენს ექსპორტს იმ ბაზრებზე, სადაც მეტი ეკონომიკური შესაძლებლობებია , რამდენად  მზად არის ადგილობრივი წარმოება?

გიორგი ცუცქირიძე: თუ თვალს გადავავლებთ ექსპორტის თუნდაც ბოლო ათწლეულის სტატისტიკას, ვნახავთ, რომ საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციის ხარისხის ზრდის პარალელურად უფრო დივერსიფიცირებული გახდა საექსპორტო ბაზრები, ეს ძირითადად გამოწვეული იყო დსთ-ის სივრცის ბაზრებზე ექსპორტის შემცირებით და სამაგიეროდ, ევროკავშირის და სხვა მიმართულებით ექსპორტის გააქტიურებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ ექსპორტის ნაწილმა ამ მიმართულებით გადაინაცვლა.


cuckiridzeაქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. მართალია,  საქონლის ექსპორტში ღვინის ექსპორტი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ბუნებრივია დადებითი მოვლენაა, მაგრამ ექსპორტის სტრუქტურის საერთო სურათს ნაკლებად ცვლის. სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ ტრადიციული ნომენკლატურის პროდუქციის ექსპორტის ზრდა არის წამყვანი  მთლიანი ექსპორტის ზრდაში, ხოლო ექსტენსიური ზრდა, რაც გულისხმობს საექსპორტო პროდუქციის გამრავალფეროვნებას კვლავ  სუსტია და მხოლოდ 10 % თუ უჭირავს ექსპორტის ნაზარდში.


აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვზრუნოთ დივერსიფიკაციის ზრდაზე არსებული სასაქონლო ნომენკლატურის გამრავალფეროვნებით. ანუ, ექსპორტი უნდა გაიზარდოს არა ინტენსიური, არამედ ექსტენსიური ზრდით, რაც გარდა იმისა, რომ საექსპორტო შემოსავლებს გაზრდის, გლობალური შოკებისას შეამცირებს მის გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე.

-რამდენად ეფექტურია ექსპორტის წახალისების სტრატეგიის თვალსაზრისით თავისუფალი ეკონომიკური ზონები, ან თუნდაც სუბსიდირების პოლიტიკა, რაც მოიცავს საექსპორტო პროდუქციისათვის საგადასახდო სტიმულირებას და პირდაპირი ფინანსური დახმარებების გაცემას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ექსპორტს ეწევიან ?

გიორგი ცუცქირიძე: თავისუფალი ეკონომიკური ზონა  ეს არის ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელშიც, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიასთან შედარებით, ეკონომიკური რეგულირების და პირველ რიგში ლიბერალური და გამარტივებული საგადასახადო რეჟიმი მოქმედებს. გამარტივებული ეკონომიკური რეჟიმი შეიძლება გულისხმობდეს გამარტივებულ საგადასახადო რეჟიმს, საბაჟო წესებს, სავაჭრო წესებს, წარმოების წესებს, სასაწყობო წესებს, რეგისტრაციის წესებსა და სხვა. შესაბამისად არსებობს თავისუფალი საბაჟო ზონები, თავისუფალი სავაჭრო ზონები, სამრეწველო–საწარმოო ზონები, სავაჭრო-სასაწყობო ზონები, ექსპორტის დამუშავბის ზონები, სამეცნიერო–ტექნიკური ზონები (მაგალითად, ტექნოპოლისი, ტექნოპარკი და სხვ.) და სერვისული  ზონები. მრავალეროვნული ზონებიდან უნდა გამოიყოს   ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება  და ევროკავშირი. ასევე უნდა გამოიყოს თავისუფალი პორტი (porto franco), რაც ნიშნავს პორტს ან ტერიტორიას, სადაც ქვეყნის იურისდიქცია შერბილებულია. დღეს თავისუფალი პორტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა საბაჟო პუნქტების მიმდებარე ზონები და საერთაშორისო აეროპორტები თავისი "დუთი–ფრი"  მაღაზიებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მე-19 საუკუნეში ფუნქციონირებდა ბათუმის პორტი-ფრანკო და, მნიშვნელოვანწილად მისი წყალობით,   საქართველოს ეკონომიკით დაინტერესებული იყვნენ იმ დროსათვის ცნობილი ინვესტორების ნობელის, როთშილდისა და მანთაშევის კომპანიები, ხოლო ნავთობსადენი ბაქო-ბათუმი ყველაზე გრძელი იყო მაშინდელ მსოფლიოში.


რაც შეეხება სუბსიდირების პოლიტიკას კვლევები ცხადყოფს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ნაკლებად ეფექტურია, იგივე შეიძლება ითქვას ექსპორტის ფინანსური სტიმულირების მექანიზმებზეც, რომლის  მიზანია  ექსპორტის დაკრედიტება ან ექსპორტთან დაკავშირებული საქმიანობის დაზღვევა. ეს პრაქტიკა ძირითადად გავრცელებულია ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სადაც ხდება როგორც ძირითადი ისე საბრუნავი საშუალებების დაფინანსება.


მიმაჩნია, რომ გაცილებით ეფექტურია ექსპორტის დამუშავების ზონების შექმნა (EPZ) და ფაქტორინგული სერვისების შეთავაზება, რაც პირველ რიგში აზიის სწრაფად მზარდი ეკონომიკებში, იგივე „აზიურ ვეფხვებში“ იყო წარმატებული. ამასთან, პროგრესი სხვა სწრაფად განვითარებად იმ ქვეყნებში დაფიქსირდა, სადაც მთავრობამ საწარმოებისთვის შექმნა ხელშემწყობი კომპლიმენტარული გარემო ფაქტორები, როგორიცაა ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, კვალიფიციური სამუშაო ძალის მიწოდება და პრიორიტეტი ახალი ტექნოლოგიებს ჰქონდა მინიჭებული.


ასევე ფართოდ გამოყენებული პრაქტიკაა ფაქტორინგის სერვისის შეთავაზება, ექსპორტიორებისთვის ლიკვიდობის პრობლემის შესამსუბუქებლად. სწორედ ამ მიდგომას იყენებს საქართველოში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანი „კერძო სექტორის განვითარება და ექსპორტის ხელშეწყობაა. სააგენტო იყენებს ფინანსურ ინსტრუმენტებს, კომერციული ბანკების აქტიური მონაწილეობით  მეწარმეობის ხელშესაწყობად.

-სპეციალიტთა აზრით, თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ საქართველოში 10 წლის წინ მიიღეს და დღევანდელ გამოწვევებს ვერ პასუხობს, რადგან  არსებობს მთელი რიგი შეზღუდვები, რომელიც თიზ-ის განვითარებას აფერხებს,  მაგალითად, თიზში დარეგისტრირებული კომპანია როდესაც გარკვეულ საქონელს ყიდულობს, მხოლოდ მას აქვს  უფლება, ეს მარაგი ზონიდან გაიტანოს  ანუ არ აქვს შესაძლებლობა, დაანაწევროს და სხვებიც ჩართოს რეალიზაციის პროცესში?

გიორგი ცუცქირიძე:  ბუნებრივია, როდესაც კანონმდებლბაში  არსებობს შეზღუდვები, რაც საინვესტიციო მიმზიდველობას ამცირებს, ის შეიძლება გადაიხედოს, წმინდა კონკურენტული ფაქტორებიდან გამომდინარე. ჩვენთან  სერვისის მიწოდების კუთხითაც, არსებობს გარკვეული შეზღუდვები, თიზ-ში დარეგისტრირებულ კომპანიას არ შეუძლია უცხოურ კომპანიებს სერვისები შესთავაზოს, მაგალითად, საკონსულტაციო, რაც წარმოებასთან ერთად ამ ზონებს კიდევ უფრო წარმატებულს და მიმზიდველა გახდიდა.  


თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზი) თავისუფალი ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. თიზის ტერიტორიაზე მოქმედებს საგადასახადო და სხვა დამატებითი შეღავათები, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო გათავისუფლებულია როგორც მოგების და ქონების გადასახადისაგან, ასევე დამატებითი ღირებულების გადასახადისგანაც და  უცხოური ან თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის იმპორტის გადასახადისგან.


საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების (თიზი) შექმნა დაემთხვა 2008 წლის კრიზისის პერიოდს,  წინა ხელისუფლებას ამ გზით სურდა ინვესტიციების მოზიდვა. და  ჰქონდა მოლოდინი, რომ თიზები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა და ერთგვარი „ეკონომიკური სასწაული“ იქნებოდა. პირველი თიზებიც ქუთაისის თიზი და ფოთის თიზი 2009 წელს შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი გაცილებით დიდი იყო, ეს სტრატეგია წარუმატებლად მაინც არ მიმაჩნია.


თუნდაც ქუთაისის თიზი რომ ვიღოთ, მის ტერიტორიაზე დღეს 37 საწარმო ფუნქციონირებს.  მაგალითისათვის Fresh Georgia, რომელიც არის ეგვიპტური კომპანიის შვილობილი საწარმო  საოჯახო ტექნიკას, ძირითადად გაზქურებს,წყლის ელექტროგამაცხელებლებს, სარეცხი მანქანებს აწარმოებს, ასევე შეიძლება მოვიყვანოთ  Atlantic Georgia, რომელიც დენის გამათბობლებსა და წყლის გამაცხელებელ ავზებს აწარმოებს. ნიშანდობლივია, რომ მარტო ამ ორმა კომპანიამ  და თიზის ადმინისტრაციამ ერთობლივად დაახლოებით 100 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს, რაც მცირე თანხა ჩვენი ეკონომიკის პირობებში, ნამდვილად არ არის.


თუ პირობითად რომელიმე პროექტის ჩავარდნაზეა საუბარი, ეს ფოთის  თიზს უფრო ეხება.  2016 წელს არაბულმა ინვესტორმა, „რაკიამ“ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 85%-იანი წილი სახელმწიფოს გადასცა, ვერ შეასრულა რა თიზის განვითარებისთვის ნაკისრი ვალდებულებები. მაგრამ გასული წლის სექტემბერში ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილი  ჩინურ კომპანია  CFFC-ს (China Energy Company Limited) გადაეცა. CFFC ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კონგლომერატია, რომელიც ენერგეტიკის, საფინანსო, სავაჭრო სფეროში საქმიანობს. კომპანიამ ფოთის თიზში 150 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მათ შორის, 50 მილიონი ჩინურმა კომპანიამ 3 წლის ვადაში უნდა ჩადოს, დანარჩენი 100 მლნ 11 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ეს პროექტიც არ უნდა მივიჩნიოთ წარუმატებლად.


აქვე მსურს კიდევ ერთი ქუთაისის ჰუალინგის თიზის გამოყოფა, რომელსაც  „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ სტატუსი საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2015 წელს, 30 წლის ვადით მიენიჭა. ის განლაგებულია ქუთაისში, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე და 36 ჰას მოიცავს. თიზში  70-მდე სამრეწველო და  სავაჭრო კომპანიაა რეგისტრირებული. თიზის ტერიტორიაზე ოპერირებენ როგორც ხის გადამმუშავებელი და სამშენებლო ქვის დამმუშავებელი, ასევე ავეჯის, მატრასების, ლითონკონსტრუქციების საწარმოები, მანქანა-დანადგარების ფილტრების მწარმოებელი ქარხანა, სილიციუმის მწარმოებელი ქარხანა, და სხვა. იგეგმება მზის პანელების საწარმოს გახსნაც.

-რამდენად აქვთ თიზებს  გარკვეული გავლენა ინვესტიციებზე, ექსპორტზე, ჩვენ ვხედავთ რომ   ამან  ეკონომიკაზე არანაირი „ბუმის ეფექტი“ არ მოიტანა.

გიორგი ცუცქირიძე: ბუნებრივია, თიზებს აქვთ გავლენა ინვესტიციებზე, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შესაბამისად ვითარდება თიზებიც. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემო, რაც ქვეყანაშია, პირდაპირ აისახება თიზების განვითარებაზე. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, თუ რატომ არ არის საქართველოში თიზები იმ დონეზე წარმატებული, რა მოლოდინიც თავდაპირველად იყო. მიჩნეულია, რომ  საქართველოში პირველი თიზების ამოქმედება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდსა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის პერიოდებს დაემთხვა, რაც თიზების განვითარების მთავარი დამაბრკოლებელი გარემოებად ითვლება, რადგან პოსტკრიზისულ პერიოდებს ისედაც ახასიათებთ ინვესტორების მხრიდან სიფრთხილე, მაგრამ გარდა ამ ფაქტორისა არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია პოლიტიკური ფაქტორიც. აქ იგულსხმება რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტი, რომელიც  ექსტრალეგალური რისკის კატეგორიაში გადის. გარდა ამისა, 2009-2012 წლები ხასიათდებოდა მომატებული პოლიტიკური რისკებითაც, რაც ადამიანის უფლებების შელახვით და ოპოზიციის ხალხმრავალი ანტისამთავრობო მიტინგებით იყო დატვირთული, რასაც შედეგად ხელისუფლების ცვლილება მოყვა. სტრატეგიული ინვესტორი გადაწყვეტილებებს არა ერთი და ორი წლით, არამედ 10-15 წლის პერსპექტივაში იღებს.


გარდა ამ ფაქტორებისა, თუ ჩვენ გავაანალიზებთ  წარმატებული ეკონომიკური ზონების განვითარების ასპექტებს, ვნახავთ, რომ  თეზი ეკონომიკის პროპორციულად ვითარდება. ინვესტორის მოსაზიდად მხოლოდ შეღავათიანი საგადასახადო სისტემა არ არის საკმარისი, რაც დაბალ  გადასახადებთან დაკავშირებით, ჩვენში დამკვიდრებულ ნეო-ლიბერალურ ნარატივს ეჭვის ქვეშ აყენებს. დაბალი გადასახადები შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი და არა გადამწყვეტი. მნიშვნელოვანია ეკონომიკურად და პოლიტიკურად სტაბილური გარემო, კვალიფიცირი სამუშაო ძალა და გეოეკონომიკური პერსპექტივა. ამასთან, მსოფლიოში ათასობით წარმატებული თიზი ფუნქციონირებს, მათ შორის ჩვენს მეზობელ თურქეთში და, შესაბამისად, კონკურენციის გაწევაც რთულია. თუმცა თიზმა რომ ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენა იქონიოს ანუ ეკონომიკის ზრდის ტემპები დააჩქაროს, ჯერ შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო.


თიზები წარმატებულია განვითარებულ (დიდი ეკონომიკის მქონე) და სტაბილური პოლიტიკური გარემოს მქონე ქვეყნებში და შესაბამისად, ნაკლებ წარმატებული განვითარებად ქვეყნებში. სპეციალური ეკონომიკური ზონები განსაკუთრებით წარმატებულია ჩინეთში (ჰონკონგი, შანხაი), არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (დუბაი) და ჩვენ მეზობელ თურქეთში, სადაც არაერთი თავისუფალი ეკონომიკური ზონა ფუნქციონირებს სხვადასხვა ფორმით. თავისუფალმა ეკონომიკურმა ზონებმა აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. მაგალითისათვის თურქეთში 21 თავისუფალი ეკონომიკური ზონა მოქმედებს, რომლებიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა.


სამეცნიერო–ტექნიკური ზონებიდან, უნდა გამოიყოს თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომლიც  2015 წლის ოქტომბერში, 49 წლის ვადით შეიქმნა, ის განლაგებულია თბილისში. თბილისის თიზის ადმინისტრატორი შპს „ჯორჯიან ტექნოლოჯი პარკია“, რომელიც BitFury-ის შვილობილი, მსოფლიო კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ტექნოლოგიების წამყვანი კომპანიაა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,  უცხოური კომპანიები დაინტერესებული არიან თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონით და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

(გაგრძელება იქნება)

Источник: http://geotimes.ge/index.php?m=5&news_id=52210&cat_id=5