ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ 2021 წელს შევიდა.

საქართველოში წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელი, დაცული ადგილწარმოშობის ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის სპირტიანი სასმელის სერტიფიცირება 2023 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ხდება, აღნიშნულია ღვნის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შესაბამისი ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ 2021 წელს შევიდა.

უწყების ცნობით, ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას, ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმის საფუძველზე გასცემს, რაც იქნება გარანტი, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

„საქართველოში წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება ხელს შეუწყობს ალკოჰოლიანი სასმელის მაქსიმალურ კონტროლსა და სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებისგან დაცვას, საქართველოში ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი ბაზრის გაფართოებასა და განვითარებას“, - აღნიშნავენ უწყებაში.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. სააგენტოს მიზანია, ქვეყანაში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები სრულად აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

წყარო:https://sputnik-georgia.com/20221214/sida-bazristvis-alkoholiani-sasmelebis-sertificireba-savaldebulo-xdeba-273047960.html