სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში საგარეო მოთხოვნა ტურიზმისა და მიგრანტების რაოდენობის ზრდის ფონზე მაღალია, რაც ინფლაციის შემცირების პროცესს ანელებს.

ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ დონემდე 2024 წლის მეორე ნახევარშიდაიწევს, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
მიმდინარე წლის ნოემბერში ევროსტანდარტებით დაანგარიშებულმა წლიურმა ინფლაციამ 10,3% შეადგინა, ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულმა – 10,4%.

„მოქმედი საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზის თანახმად, 2022 წელს ინფლაცია 11,9%-ის, 2023 წელს კი 5,3%-ის ფარგლებში იქნება და სხვა თანაბარ პირობებში, ის მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, მიმდინარე წელს საქართველოში ინფლაციის დაბალი დონე უნდა ყოფილიყო, თუმცა, რიგმა ფაქტორებმა პროგნოზები გააუარესა.

„2022 წელს მიწოდების ჯაჭვები კიდევ უფრო მეტად შეფერხდა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი კიდევ უფრო გაღრმავდა. ამ მიზეზების გამო მაღალი ინფლაციის პერიოდი გახანგრძლივდა, რაც ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს აჩენს და ამიტომაც ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრების საჭიროება დადგა“, - განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, საქართველოში საგარეო მოთხოვნა ტურიზმისა და მიგრანტების რაოდენობის ზრდის ფონზე მაღალია, რაც ინფლაციის შემცირების პროცესს ანელებს.

„მაგალითად, მკვეთრადაა გაზრდილი ქირის ფასები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წლიური ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალი ნარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსი გამყარებულია“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

ამასთან, სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ინფლაციის პიკური პერიოდი გადალახულია დამისი შემცირების ტენდენციაც დაწყებულია. თუმცა, პროგნოზირება თუ როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ აისახება იგი ფასებზე, რთულია.

„ერთი მხრივ, არის გლობალური რეცესიის რისკები, მეორე მხრივ კი გრძელდება მწვავე ინფლაციური შოკები, რამაც ინფლაციური მოლოდინების ზრდა გამოიწვია“, - განაცხადა გვენეტაძემ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო თვეებში საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურებისა და პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, კვლავ მაღალია პროდუქტებსა და ნავთობზე ფასები, რის ფონზეც გლობალური ინფლაცია გაიზარდა.

მაღალი საგარეო მოთხოვნა, რომელიც გაჩნდა ტურისტებისა და მიგრანტების რაოდენობის ზრდის გამო, მხოლოდ ანელებს ინფლაციის კლების ტემპს, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

წყარო:https://sputnik-georgia.com/20221215/rodis-shecherdeba-fasebis-zrda-erovnuli-ankis-prognozi-273072902.html