აშშ-ის ბაზარზე ქართულ ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს.

საქართველოს ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობდა, რომლის შემადგენლობაში სომელიეები, ღვინის იმპორტიორები, მარკეტოლოგები და მასმედიის წარმომადგენლები იყვნენ, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Colangelo & Partners-ის ორგანიზებით განხორციელდა.

ტურის ფარგლებში სტუმრები კახეთსა და ქართლში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ეწვივნენ, სადაც ქართული ღვინის ისტორიას გაეცნენ და როგორც კლასიკური წესით, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები დააგემოვნეს.

ამერიკელი პროფესიონალების შეფასებით, საქართველო გამოირჩევა მეღვინეობის მდიდარი ისტორიით, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით, ღვინის დაყენების ტრადიციებითა და უნიკალური ღვინოებით.

„აშშ-ში ჩვენ ვხედავთ გაზრდილ ინტერესს ქართული ღვინის მიმართ, გამოცემებში სულ უფრო მეტს წერენ ქართული ღვინის შესახებ, ამერიკელი მომხმარებელი ყოველთვის ეძებს უნიკალურ ღვინოს, ღვინის ტურიზმს და ამ მხრივ ქართული ღვინო აშშ-ისთვის ძალიან საინტერესო და უნიკალურია“, - განაცხადა Colangelo & Partners-ის წარმომადგენელმა ერინ ჰილმა.

მისი თქმით, კომპანიამ მიმდინარე წელს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამების განხორციელების მიმართულებით ითანამშრომლა, რაც მოიცავდა სხვადასხვა ღონისძიებას აშშ-ში ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით.

აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, აშშ-ში უკვე ექსპორტირებულია ერთ მილიონამდე ბოთლი ღვინო, რაც 2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2021 წელს აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა – 1 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ერთი ლიტრი ღვინის ფასი 6 დოლარს აღემატება.

წყარო:https://sputnik-georgia.com/20221216/amerikeli-gvinis-propesionalebi-saqartvelos-estumrnen-273120065.html