ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას 2023 წლის მაისამდე ინარჩუნებდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 9%-დან 8,25%-მდე შემცირებით, აცხადებენ პოლიტიკოსები, ხოლო ეკონომისტები და ბიზნესმენები საქართველოში მონეტარული პოლიტიკის შემდგომი შერბილებისა და ბიზნესის განვითარების პოტენციალს ხედავენ.

ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებდა 2023 წლის მაისამდე, როდესაც პირველად 13 თვის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის შერბილებისკენ ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. 2023 წლის მაისიდან 2024 წლის მარტამდე რეფინანსირების განაკვეთი 10,5%-დან 8,25%-მდე შემცირდა.

მარეგულირებელი გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებს ინფლაციის კვლავაც დაბალ დონეს, რომელიც მიზნობრივ მაჩვენებელს (3%) მხოლოდ საშუალოვადიან პერსპექტივაში მიაღწევს.

ისტორიული გადაწყვეტილება

მმართველ პარტიაში ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს

„კარგი ამბავია ის, რომ მოაკლდებათ ადამიანებს სესხის საპროცენტო განაკვეთი, რაც მათ ჯიბეზე, ბუნებრივია, პოზიტიურად აისახება. ეს ძალიან დიდი ხანია არ მომხდარა და მივესალმები ეროვნული ბანკის ამ ისტორიულად ძალიან კარგ გადაწყვეტილებას საფინანსო სექტორში“, - აღნიშნა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

რა სარგებელს ნახავენ მოქალაქეები

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მონაცემებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგად საპროცენტო განაკვეთები შემცირდება 12,3 მლრდ ლარის 183.511 სესხზე, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია მკვეთრად შემცირებულ ინფლაციასთან. მიმდინარე წელს ფასების ზრდის მაჩვენებელი სავარაუდოდ დაბალი იქნება, შესაბამისად რეფინანსირების განაკვეთი, დიდი ალბათობით, წლის განმავლობაში კიდევ შემცირდება, მიაჩნიათ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

რომელი სესხებია დამოკიდებული რეფინანსირების განაკვეთზე:

სამომხმარებლო – 2,2 მლრდ ლარის ღირებულების 80,6 ათასი სესხი

იპოთეკური – 3,7 მლრდ ლარის ღირებულების 69,8 ათასი სესხი

ბიზნეს სესხები – 6,3 მლრდ ლარის ღირებულების 32 ათასი სესხი

სარგებელი ბიზნესისთვის

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას.

„საპროცენტო განაკვეთების შემცირება, თავისთავად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან ერთის მხრივ, იზოგება ხარჯები, რაც ბიზნესის ზრდაში გარდაისახება, მეორეს მხრივ, კი აღნიშნული ქმნის პოზიტიურ განწყობებს და სიგნალს აძლევს ბიზნესს, დამატებით მოიზიდოს საინვესტიციო კაპიტალი. შესაბამისად, ზემოხსენებული გადაწყვეტილება წაახალისებს ბიზნეს აქტივობას, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს, გამოიწვევს მეტ დაკრედიტებას და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ ზრდას", - ნათქვამია საქართველოს ბიზნესასოციაციის განცხადებაში.

შემცირების პოტენციალი არსებობს

ეკონომისტი ლადო პაპავა საქართველოს ეკონომიკის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი შემცირების პოტენციალს ხედავს, თუმცა მას მიაჩნია, რომ ამჟამად ეროვნულმა ბანკმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„რადგან გარე საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს, სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება საკმაოდ ზომიერი და მართებულია. რომ არა ეს საფრთხეები, რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს ვურჩევდი, უფრო მნიშვნელოვანი შემცირება განეხორციელებინა. თუმცა ამ ეტაპზე ეს სავსებით ლოგიკურია, რადგან ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობაა“, - აცხადებს ლადო პაპავა.

ექსპერტი ვახტანგ ჭარაია რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას დადებითად აფასებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი მაინც საკმაოდ შეზღუდული ინსტრუმენტია ეკონომიკაზე ზეგავლენის, განსხვავებით, მაგალითად, აშშ-ისგან ან თუნდაც ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან, სადაც შესაბამისი ვალუტებია. ჩვენს შემთხვევაში ლარით რეფინანსირებაზეა საუბარი, როდესაც ეკონომიკა საკმაოდ მაღალდოლარიზებულია. შესაბამისად, ერთი ერთში გავლენას რეფინანსირების განაკვეთის როგორც გამკაცრება, ასევე შერბილება ვერ ახდენს, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავისი პოზიტიური თუ ნეგატიური სიგნალები აქვს ბაზრისთვის. ამ შემთხვევაში, ვთვლი, სიგნალი, რომ სესხი უნდა გაიაფდეს და ბიზნესაქტიურობა წახალისდეს, არის სწორი არჩევანი“, - განაცხადა ჭარაიამ.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.