კონკურსი International Wine Competition ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა.

ღვინის მე-14 საერთაშორისო კონკურსის International Wine Competition გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კონკურსზე ოქროს მედალი 21-მა ღვინომ დაიმსახურა, მათგან ექვსმა გამორჩეულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდო - „ტროფი“ მიიღო. ვერცხლის მედლით 77 და ბრინჯაოს მედლით 96 ღვინო დაჯილდოვდა. კონკურსზე წარდგენილი იყო როგორც მსხვილი კომპანიების, ასევე მცირე და საოჯახო მარნების, ჯამში, 76 კომპანიის წარმოებული 226 ღვინის ნიმუში.

„აღნიშნული კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქართული ღვინის და მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაციის, ასევე კონკრეტული ღვინის მწარმოებლების და მათი პროდუქციის ცნობადობის ზრდისთვის საერთაშორისო ბაზარზე“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

კონკურსის დაჯილდოების ცერემონიაზე ექვს გამორჩეულ ღვინოს სპეციალური პრიზი „სომელიეს არჩევანი“ გადასცა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმაც.
კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ღვინის მაგისტრები, ენოლოგები, საერთაშორისო ექსპერტები და ღვინის პროფესიონალები შედიოდნენ.

კონკურსი International Wine Competition ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2024 თბილისში 7-9 ივნისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართა.

WinExpo Georgia — საქართველოში ყველაზე მასშტაბური და ერთადერთი სავაჭრო გამოფენაა, რომელიც ფოკუსირებულია ღვინოზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და აღნიშნულ დარგში დანერგილ მომსახურებაზე. გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დამზადებისთვის ყველა აუცილებელი კომპონენტი.