ღარიბაშვილმა და მაკრონმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

საქართველო იმედოვნებს, რომ საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს თავის მხარდაჭერას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების გზაზე, დაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. რიგით მეექვსე პარიზის მშვიდობის ფორუმი 10-11 ნოემბერს გაიმართება.

„გვჯერა, საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს თავის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რაც გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე წარმატებით წინსვლაში დაგვეხმარება“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მადლიერია საფრანგეთის მხარდაჭერისთვის.

პრეს-სამსახურის ცნობით, პარიზში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია მისცეს ევროპულ საბჭოს.

ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიის შეფასებით, ევროპულ საბჭოს მიეცა რეკომენდაცია ქვეყანას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებენ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება ისტორიულია.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ემანუელ მაკრონმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს და ისაუბრეს იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც საქართველოს შეუძლია, ითამაშოს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად.

ირაკლი ღარიბაშვილი მაკრონი საქართველოში მიიწვია.

ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე ევროპული საბჭო 14-15 დეკემბერს მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას გაფართოების პოლიტიკის და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. მაშინ სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა.

საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს სტატუსის არმინიჭება უსამართლო გადაწყვეტილება იყო, რადგან საქართველო ჯერ კიდევ მაშინ ყველა კრიტერიუმით უსწრებდა უკრაინასა და მოლდოვას.