საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების ზღვარზეა, 2023 წლის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შეჯამება და მომავლის პროგნოზი.

ამ აქტუალურ თემებზე ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა იმსჯელეს გაზეთ „თავისუფალი საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდასთან „საქართველო დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. როგორი იქნება ქართულ-რუსული ურთიერთობები“.

რას აძლევს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი?

ბოლო დღეებში საქართველოში ერთ-ერთი აქტუალური თემაა ის, რომ ევროსაბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები თანხმდებიან, რომ საქართველო, ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფონზე, არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ დასავლეთზე, რადგან მსოფლიო ხდება მრავალპოლარული, ამიტომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უფრო „რეალური და ადეკვატური“ უნდა გახდეს.
„სტატუსის მინიჭება საქართველოს არაფერს აძლევს, უფრო მეტიც, ვალდებულებებს ანიჭებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კანდიდატის სტატუსი შეიძლება იყოს ძალიან გრძელვადიანი პერსპექტივა, როგორც თურქეთის შემთხვევაში, რომელიც თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ელოდება წევრობას“, - განაცხადა საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა ვასო კაპანაძემ.

საინფორმაციო სააგენტო NewsPress-ის მთავარი რედაქტორი ალეკო ჩუბინიძეც ჯერ დიდ იმედებს არ ამყარებს ევროკავშირზე და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი თავიდან საქართველოსგან უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე რეალურად მისცემს. თუმცა თავად ფაქტი სასიამოვნოა, ისევე როგორც უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის, აღნიშნა მან.

რუსეთი და საქართველო 2023 წელს

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, ჩუბინიძის თქმით, 2022 წელთან შედარებით ისინი უკეთესი იყო.
„რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, წელს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სავიზო რეჟიმის გაუქმება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას, ყველა გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯები, რაც მას სავარაუდოდ შესთავაზეს. ვფიქრობ, 2023 წელს საქართველო-რუსეთის ურთიერთობები უკეთესი იყო, ვიდრე 2022 წელს“, - განაცხადა ჩუბინიძემ.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მიმდინარე წელს გადადგმული ნაბიჯები საინფორმაციო სააგენტო NewsDay-ის მთავარმა რედაქტორმა ავთო ოთინაშვილმაც შეაფასა.

„სავიზო რეჟიმის გაუქმება, საჰაერო მიმოსვლის აღდგენა - ეს ყველაფერი უადვილებს ცხოვრებას რიგით ადამიანებს. მოსახლეობას აქვს არჩევანი - თავისუფლად იმოგზაუროს ევროპაში ან რუსეთში და მომავალი გვიჩვენებს, თუ რა ეტაპებზე გადავალთ რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში“, - განაცხადა ოთინაშვილმა.

„რუსეთი შემხვედრ ნაბიჯებს ელოდა"

პოლიტოლოგმა არნო ხიდირბეგიშვილმაც შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. მან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და საჰაერო მიმოსვლის აღდგენას „ტექნიკური საკითხი“ უწოდა და დასძინა, რომ რუსეთიც ელოდება საქართველოსგან შემხვედრ ნაბიჯებს.
„ეს არ არის ის, რასაც რუსეთი ჩვენგან 11 წლის განმავლობაში ელოდა, ის ელოდა ორმხრივობას. პრაგმატიზმი არ არის მეგობრობა, ეს არ არის ურთიერთგაგება. პრაგმატიზმი - მე არ ვიომებ რუსეთთან, რადგან რუსეთი დამამარცხებს, მე არ დავუწესებ სანქციებს რუსეთს იმიტომ, რომ რუსული პურის და ენეტგომატარებლების გარეშე შიმშილით მოვკვდები“, - განაცხადა ხიდირბეგიშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, პოლიტოლოგმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოს და ევროპის ღირებულებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ დასავლეთზე ფოკუსირება არ ღირს.

„არ დავივიწყოთ ეს უზარმაზარი ოკეანე, რამდენად საშიშია ის პატარა ნავისთვის, რადგან ბოლოს და ბოლოს, ეს არის ფაშიზმის, ინკვიზიციის, ანტისემიტიზმის, იუვენალური იუსტიციის, ლგბტ თემის, ერთსქესიანთა ქორწინების, ევთანაზიის სამშობლო. იქ ასეთი ღირებულებებია და როგორ აღიქვამს ამას საქართველო, გაუმკლავდება თუ არა ამ ყველაფერს - ძალიან მეეჭვება“, - განაცხადა არნო ხიდირბეგიშვილმა.

მას დაეთანხმა ჟურნალისტი და პროდიუსერი ოთარ შაორშაძეც, რომელმაც ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მოერგება საქართველო ეკონომიკურად ევროკავშირს.

„იქ (ევროკავშირის ქვეყნებს შორის) არსებობს საუკუნოვანი შესაბამისობა, ურთიერთობები და მუშაობის დამკვიდრებული ნორმები. ამიტომ, რამდენად მოერგება ჩვენი ქვეყანა ამ ეკონომიკურ ურთიერთობებს, დღეს ამას ვერ ვხვდები. ევროპული ბაზარი გაჯერებულია ფრანგული, იტალიური, ესპანური ღვინოებითა და პროდუქტებით, მაგრამ როგორ შევალთ ამ ბაზარზე - ჩემთვის გაუგებარია. ჩვენ მხოლოდ გენდერული თავისუფლების საკითხებზე ვსაუბრობთ და ეს არაფერს მაძლევს. ამის სწავლა ქართველ კაცს არ სჭირდება", - ამბობს შაორშაძე.

რა მოხდება შემდეგ?

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ჩვენს ქვეყანაში, მეზობელ რუსეთში, აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებში არჩევნებია დაგეგმილი, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს განსაზღვროს, განვითარების რა გზით იაროს.

„2024 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წელი საქართველოსთვის, თუნდაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გათვალისწინებით, წელი ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, ასევე მარტში სერიოზული საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება აზერბაიჯანშიც, აშშ-ში. აქედან გამომდინარე, 2024 წელს, ალბათ, ბევრი რამ მოგვარდება და გაირკვევა, რა გზით უნდა იაროს ჩვენმა ქვეყანამ და განვითარების რა კურსი აირჩიოს“, - განაცხადა ვასო კაპანაძემ.

ავთო ოთინაშვილის პროგნოზით, რუსეთში არჩევნებში ვლადიმირ პუტინი გაიმარჯვებს, ხოლო საქართველოში „ქართული ოცნება“ კვლავ ხელისუფლებაში იქნება. მისი თქმით, ხელისუფლება იგივე გზას გააგრძელებს, როგორც ადრე. ოთინაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალში საქართველომ უნდა ისწავლოს თავისი ინტერესების პატივისცემა, როგორც ამას რეგიონის და მსოფლიოს ყველა გეოპოლიტიკური მოთამაშე აკეთებს.