არავინ დაუშვებს ამ ქვეყანაში რეპრესიების და ძალმომრეობის დაბრუნებას, განაცხადა ვიცე-პრემიერმა

ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებები იგივეა, რასაც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა, რადგან ის რეპრესიებით იმუქრება, გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი ხაზარაძის განცხადებას, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მომავალს ეხებოდა.

ხაზარაძემ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე და დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესების მსახურებაში დაადანაშაულა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, როგორც კი „ლელო“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვა, ივანიშვილი საქართველოს დატოვებს და მოსკოვში გაემგზავრება. ამასთან, ხაზარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არ არის პროკურორი და ვერ შეძლებს ივანიშვილის გაძევებას.

„მამუკა ხაზარაძემ ეს ყველაფერი გამოიყენა იმისთვის, რომ გამოაცხადა რეპრესიები და როდესაც ისინი დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხელახლა აამოქმედონ ის რეპრესიული მანქანა, რომელიც იყო 2012 წლამდე. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანები გაყარონ სახელმწიფოდან და მეორეს მხრივ დაუპირისპირდნენ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს და არ ემთხვეოდეს მათ აზრებს“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, არავინ დაუშვებს ამ ქვეყანაში რეპრესიების და ძალმომრეობის დაბრუნებას.

„დარწმუნებული ვარ, რომ არც ხაზარაძეს და არცერთ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ძალას, რომელსაც თავის გეგმებში აქვს, რომ ამ ქვეყანაში დააბრუნოს რეპრესიები, დააბრუნოს ძალმომრეობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ამას არავინ დაუშვებს. რატომ ჰგონიათ რომ ეს შეიძლება შედეგის მომტანი იყოს, მგონია ეს პოლიტიკური უმწიფრობის ბრალია და მეორეს მხრივ, როდესაც ადამიანები ვერ აფასებენ ადეკვატურად თუ რა სიმძიმე ახლდა ამ ყველაფერს 2012 წლამდე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.

2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.

პარტია „ლელო"

პარტია „ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.