როგორც ბოჭორიშვილმა განაცხადა, რეზოლუციის ტექსტს მხარი მხოლოდ მოლდოვის დელეგაციამ დაუჭირა

ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის უარის გამო ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიერ მომზადებული ინიციატივა ჩავარდა.

რეზოლუციის ინიცირებისთვის, რომელიც სამი ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციას ეხება, ათი ხმა იყო საჭირო. თუმცა, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა და ქართველმა ოპოზიციონერებმა მას მხარი არ დაუჭირეს.

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის თქმით, დოკუმენტს ხელი მხოლოდ „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა და მოლდოვას დელეგაციის წევრებმა მოაწერეს - რეზოლუციაზე მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი გახდა უკრაინის დელეგაციის პოზიციისა და ქართველი ოპოზიციონერების გამო, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს აღნიშნულ ტექსტს.

„საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას არ აქვს რეალური ინტერესი, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს ჰქონდეს მხარდაჭერა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ჰქონდეს მხარდაჭერა. ინტერესი არის ერთადერთი - როდესაც მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რაიმე ფორმატი ან პლატფორმა გამოიყენონ საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად, მაშინ ისინი მომართული არიან და ყოველთვის მზად არიან ეს გააკეთონ", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

თავის მხრივ, ოპოზიციამ მმართველი პარტია დაადანაშაულა იმაში, რომ ინიციატივამ ხმების საკმარისი რაოდენობის აღება ვერ შეძლო.

„როდესაც გაგაქვს რეზოლუცია, ისე უნდა იმუშაო და იმდენად მართალი უნდა იყო, რომ „ევრონესტში" შემავალმა ყველა ქვეყანამ დაგიჭიროს მხარი. მე მაინტერესებს, თუ რატომ ჩავარდა რეზოლუცია, რატომ ვერ მოიპოვა უკრაინელების მხარდაჭერა და არამარტო მათი. სხვებსაც კითხვები ჰქონდათ. იმდენად შელახულია „ქართული ოცნების“ რეპუტაცია, რომ მათ არ ენდობიან“, - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანი წითლიძემ.

ნებისმიერი საკითხი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ეხება, მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენთვის, მაგრამ როცა რეზოლუციის პროექტი მზადდება, მისი განხილვა დელეგაციის ყველა წევრთან ერთად უნდა მოხდეს, განაცხადა „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ბოტკოველმა.

„მინდა ვთქვა, რომ რეზოლუციის ავტორსა და დელეგაციის ხელმძღვანელს არ უსაუბრიათ ჩვენთან, რომ ასეთი რეზოლუცია უნდა მიღებულიყო. ძალიან სამწუხაროა, ეს რეზოლუცია შედგა იმისთვის, რომ თავიდანვე მხარდაჭერა არ ჰქონოდა და ამიტომ არ შედგა კომუნიკაცია. რა შედეგიც მივიღეთ, რა თქმა უნდა, საზიანოა ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამას პირდაპირ ვიტყვი", - განაცხადა ბოტკოველმა.

მისი თქმით, დელეგაციის ხელმძღვანელის მხრიდან არ ყოფილა არც თხოვნა და არც პოზიციის დაფიქსირების სურვილი იმის თაობაზე, ღირს თუ არა დოკუმენტის მხარდაჭერა.

„ტექსტი პირდაპირ გავიდა ბიუროზე, სადაც მან მხარდაჭერა ვერ მოიპოვა", - განაცხადა ბოტკოველმა.

რაც შეეხება უკრაინის დელეგაციას, „ევროპული სოლიდარობის" პარტიის წევრის ვლადიმირ არიევის თქმით, ქართული პოლიტიკის გამო ისინი არ იყვნენ მზად რეზოლუციის თანაავტორობისთვის.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, მაგრამ ამას ჯერ-ჯერობით არ გავაკეთებთ იმ დრომდე, სანამ საქართველოს ექნება შესაძლებლობა დაეხმაროს რუსეთს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლაში“, - განაცხადა არიევმა.

ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.

საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.

ევრონესტი – ეს არის პარლამენტთაშორისი ასამბლეა, რომელიც შექმნილია ევროკავშირთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე სახელმწიფოების დასაახლოებლად.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ – არის ევროკავშირის ღია თანამშრომლობის პროგრამა ექვს ქვეყანასთან: სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდავეთთან და უკრაინასთან. პროგრამა არ ითვალისწინებს ევროკავშირის წევრობას, მაგრამ ითვალისწინებს ამ ორგანიზაციასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა შედგება ევროპარლამენტის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) დელეგაციებისგან.

საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.