საქართველოში ერთბაშად ორი საკონსულო დაწესებულება გაიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა განკარგულებას თბილისში პაკისტანისა და ურუგვაის საკონსულოების გახსნის შესახებ, ნათქვამია განკარგულებების ტექსტში.

მთავრობის 15 მარტის განკარგულებით, გაიცა თანხმობა ქალაქ თბილისში საპატიო კონსულის მეთაურობით ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკისა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების გახსნაზე.

საქართველოსა და ურუგვაის შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1994 წლის 11 მაისს, ხოლო საქართველოსა და პაკისტანს შორის - იმავე წლის 12 მაისს.

საქართველოში ათობით ქვეყნის საელჩო და საკონსულო ფუნქციონირებს. ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ საელჩოები და საკონსულოები საქართველოში, სხვა ქვეყნების საელჩოები ფარავენ.