მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, ნათქვამია განცხადებაში

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია პროვოკაციების მომზადების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებზე უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ძალადობრივი სცენარების განვითარებას.

თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

„მიღებული ინფორმაციის თანახმად, პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში.

„ზემოთ აღნიშნული პირები აქტიურ კომუნიკაციაში არიან საქართველოში მყოფ თავის თანამოაზრეებთან და განიხილავენ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების გეგმებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

სუს-ის ცნობით, კონკრეტული პირები აქტიურად განიხილავენ საჭიროების შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებს, რასაც მოჰყვება სიტუაციის სრული დაძაბვა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმის და პოლიციის განეიტრალების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორები, ხშირ შემთხვევაში რეალური მიზეზების გამხელის გარეშე, საპროტესტო მუხტის მატარებელ ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება ე.წ.

„მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადების მიზნით, აგრეთვე, სამართალდამცავებთან დაპირისპირებისთვის გამოსაყენებლად გაცემული აქვთ აქციაზე ქვების და რკინის ხელკეტების ფარულად მიტანის დავალება.

სუს-ის ცნობით, მიმდინარე საპროტესტო აქციების მსვლელობისას მისი ორგანიზატორები მასობრივი არეულობის, ქაოსის და სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირების მიზნით, იმართებიან უცხოეთის ინსტრუქტორების მიერ გაცემული დავალებებით და აქტიურად იყენებენ ორგანიზაცია CANVAS-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული ძალადობრივი სწავლებების მეთოდებს, რომლის მიზანია მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ და ქვეყანაში 1990-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირება.

აღნიშნული დესტრუქციული გეგმის ნაწილად ცალკეული პოლიტიკოსები და აქციის რადიკალი ორგანიზატორები აუცილებლად მიიჩნევენ თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზებას, სამთავრობო დაწესებულებებთან მისასვლელი და სტრატეგიული ობიექტების გზების ბლოკირება-ბარიკადირებას, რკინიგზის ბლოკირებას, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობას, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირებას.

დაფინანსება

აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები, ხოლო მათი აზრით, კვალის დაფარვის მიზნით ხშირ შემთხვევაში იყენებენ კრიპტოვალუტას.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, უცხოელი ინსტრუქტორების მიერ საქართველოში მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ჩატარდა ტრენინგები, სადაც აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს ინსტრუქციები რადიკალური ქმედებების დაფინანსების ფარულად მიღების თაობაზე.

„აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ხელშესაწყობად და წარმატების მისაღწევად ისინი მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება. უფრო მეტიც, დაინტერესებული მხარის მხრიდან ერთი გასროლაც კი გამოიწვევს პანიკას, ჭყლეტას და შესაბამისად დემონსტრანტთა შორის მძიმედ დაშავებულ პირებსა და მსხვერპლს", - ნათქვამია განცხადებაში.

ადამიანური მსხვერპლი

სუს-ის განცხადების თანახმად, აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი. მათი აზრით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები.

„მათი დემორალიზების და პროვოცირების მიზნით გამოიყენება ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორიც არის მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა,

საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას", - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, ხოლო ორგანიზატორებს მიმართავენ, რომ მათი დესტრუქციული გეგმების განხორციელების შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყებების მიერ გატარდება მყისიერი სამართლებრივი ღონისძიებები, რათა არ მოხდეს მოვლენათა ესკალაცია, გამოირიცხოს ქვეყანაში არეულობა,

სამოქალაქო დაპირისპირება და შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა.

სკანდალური კანონპროექტი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.

ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.

წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.

თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო.

არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

საპროტესტო აქციაზე არეულობის დროს ათობით ადამიანი დაშავდა, რომელთა უმეტესობას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა ექვსი სამართალდამცველი, 63 მომიტინგე კი დააკავეს.