აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოს განუმარტა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს სანქციები

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელ ჯიმ ო'ბრაიენთან გამართულ შეხვედრაზე ამერიკული მხარის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესების საკითხი არ განხილულა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე.

ცოტა ხნით ადრე, თბილისში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ, ო'ბრაიენმა პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, აშშ-მ შეიძლება საქართველოსთან მიმართებით შეზღუდვები შემოიღოს - ფინანსური და სამოგზაურო, თუ არ შეიცვლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, შემცირდება დემოკრატიის დონე და იქნება ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.

„ჩვენს შეხვედრაზე სანქციების საკითხი საერთოდ არ იყო ნახსენები“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ეს იყო ხანგრძლივი დიალოგი, რომელიც 2,5 საათს გაგრძელდა.

გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, ო'ბრაიენი საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტით ჩამოდის.

ო’ბრაიენმა ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა, ივანიშვილმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მის წინააღმდეგ უკვე დაწესებულია დე-ფაქტო სანქციები.

„ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების ძარცვა დაიწყო 2008 წელს, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ყოველგვარ კომუნიკაციაზე - ეს მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ, ასევე მოხდა 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.

2022 წელს კი, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკში პრაქტიკულად გაუყინეს ანგარიში, რასაც მოჰყვა სხვა ნაბიჯებიც, რათა იგი იძულებული გამხდარიყო წასულიყო საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, განაცხადა კობახიძემ.

ერთი დღით ადრე პრემიერმა განაცხადა, რომ გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც ივანიშვილმა დასავლეთს მიანდო, აღმოჩნდა „გლობალური ომის პარტიის" ხელში.

ივანიშვილს მრავალი წელია შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან სასამართლო პროცესი აქვს. მან გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის წინააღმდეგ 2016 წელს წამოიწყო, მას შემდეგ, რაც ერთი წლით ადრე თავისი სადაზღვევო სქემიდან თაღლითობის შედეგად 400 მილიონი დოლარის გაქრობა აღმოაჩინა.

2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ივანიშვილს Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიების მხრიდან პრობლემები დაეწყო. მათ უარი განუცხადეს ივანიშვილს არასადავო თანხების გადმორიცხვაზე. ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს შეაფასეს, როგორც პოლიტიკური შანტაჟი.