ჩემთან საუბარში ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ, განაცხადა პრემიერმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო დაემუქრა.

საქართველოს პარლამენტმა, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო და მისი გაუქმება მოითხოვა.

„ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ამ კონტექსტში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ხსენება ძალიან საგანგაშოა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობა, რომელიც არაერთხელ გამოსულა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ, მოხდა 15 მაისს, ქალაქ განდლოვაში მთავრობის გასვლითი სხდომის შემდეგ. თავდასხმის შემდეგ ფიცო ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, თავდამსხმელი 71 წლის მწერალი იურაი ცინტულა პოლიტიკური მოტივით ხელმძღვანელობდა. თავდამსხმელი დანაშაულის ადგილზევე დააკავეს. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ მსროლელს თანამზრახველები ჰყავდა.

„როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე ახსენა გამოძიების წინასწარი შედეგებიც, რომლებმაც აჩვენა, რომ საქმეში ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურები ფიგურირებენ.

„ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ, წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც „გლობალურ ომის პარტიასთან“ განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მას სურს ყველა გააფრთხილოს, რომ „გლობალური ომის პარტიის“ სახით საქართველოს საქმე აქვს საშიშ ძალასთან.

„პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ, „გლობალური ომის პარტიის“ სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

ის დარწმუნებულია, რომ „გლობალური ომის პარტიის“ გეგმებს არც ამჯერად უწერია წარმატება და საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას და პოლიტიკურ სტაბილურობას.

„გლობალური ომის პარტია“, „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ესენი არიან გავლენიანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამასთან, მმართველი ძალის ლიდერები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ.