ამ გადაწყვეტილებებს დიდი პოლიტიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მიაჩნია პოლიტოლოგს
არც სანქციებმა უნდა შეგვაშინოს და არც უკიდურესმა გადაწყვეტილებამ, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია კონიუნქტურაზე და გადაწყვეტილებები მიიღება გადაწყვეტილებისთვის, განაცხადა პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ.
აშშ-მა დააწესეს სავიზო შეზღუდვები, რომლებიც შეეხო მათ, ვინც პასუხისმგებელია „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ საქართველოში, მათ თანამზრახველებსა და ახლო ნათესავებს, სულ ორ-სამ ათეულ ადამიანს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა. მისი თქმით, ესენი არიან პარლამენტის დეპუტატები, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და კერძო პირები.
„დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა კეთდება კონიუნქტურიდან გამომდინარე და თუ საჭიროებამ მოითხოვა, ხვალ სანქციებს სხვას დაუწესებენ და პირიქით, ცაში აიყვანენ დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტის ლიდერებს. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ბრძოლის ველზე და რა შედეგი დადგება, უკრაინა გაიმარჯვებს, რუსეთი თუ პარიტეტი მოხდება.
აი, აქედან გამომდინარე იქნება ყველაფერი. ამიტომ, არც სანქციებმა უნდა შეგვაშინოს და არც უკიდურესმა გადაწყვეტილებამ“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
მისი თქმით, ახლანდელ გადაწყვეტილებებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
„შეიძლება, სავიზო შეზღუდვებზეც გაგრძელდეს საუბარი, მაგრამ ეს უფრო იქნება გადაწყვეტილება გადაწყვეტილებისთვის. რა თქმა უნდა, სავიზო რეჟიმები და სანქციები ცუდია, მაგრამ დიდი პოლიტიკისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა არეშიძემ.
ამასთან ექსპერტმა აღნიშნა, რომ დასავლეთში ბევრს არ აწყობს საქართველოს ურთიერთობები ჩინეთთან, აქედან მოდის ოპოზიციის კრიტიკაც.
„ავიღოთ კრებსითი დასავლეთი, პირველ რიგში, აშშ, რომლისთვისაც მიუღებელია ჩინეთის აქ აქტიურობა და ამიტომაც იქცევა ოპოზიცია ისე, როგორც იქცევა“, - განაცხადა არეშიძემ.
მისი თქმით, თურქეთსაც არ მოსწონს ჩინეთისგან ასეთი ტიპის აქტიურობა რეგიონში, აქედან გამომდინარეობს ბრიქსში მისი გაწევრიანების სურვილი. „თურქეთი, ირანი, რუსეთი და დასავლეთი რეგიონს თავიანთი გავლენის სფეროდ თვლიან და დასავლეთზე როცა ვლაპარაკობ, იქაც არ არის ერთგვაროვანი მიდგომა“, – განაცხადა არეშიძემ.
2023 წელს საქართველო და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადავიდნენ. იმავე წელს საქართველომ უვიზო რეჟიმი დაუწესა ჩინეთის მოქალაქეებს, ხოლო 2024 წლის მაისში ჩინეთმაც უვიზო რეჟიმი აამოქმედა.