თანამედროვე სამყაროში, რომელიც უფრო კომპლექსური და სწრაფად განვითარებადია, სამართლიანი მომავლის მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განაცხადა პრემიერმა

მომავლის სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა გლობალური თანამშრომლობისა და მულტილატერალიზმის ძალის საჩვენებლად, განაცხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გამართულ „მომავლის სამიტზე" სიტყვით გამოსვლისას.

„მომავლის სამიტი“, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება, რამდენიმე დღეს გასტანს.
როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

„სამი წლის წინ გაეროს გენერალურმა მდივანმა შემოგვთავაზა მომავლის სამიტის ჩატარება, რომლის მიზანი იყო გლობალური კონსენსუსის მიღწევა უკეთესი აწმყოსა და შემდგომი თაობებისთვის უფრო დაცული მომავლის შესაქმნელად. დღეს, ეს ხედვა რეალობად იქცა, რასაც მოწმობს ჩვენი დღევანდელი შეკრება, რათა აღვადგინოთ ნდობა და ვიპოვოთ გადაწყვეტილებები უკეთესი მომავლისთვის", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, თანამედროვე სამყაროში, რომელიც უფრო კომპლექსური და სწრაფად განვითარებადია, სამართლიანი მომავლის მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია, პანდემიის შედეგებიდან დაწყებული, კონფლიქტებითა და სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებით დამთავრებული, დასძინა პრემიერმა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებამ აჩვენა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მხოლოდ 17%-ია მიღწეული, რაც საზოგადოებისგან მეტ აქტიურობას მოითხოვს.

„საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს ამ მიზნების მისაღწევად, რათა შესრულდეს 2030 წლის მიზნები. მომავლის პაქტი გვაძლევს შანსს, სამიტის წარმატება მნიშვნელოვან ცვლილებებად ვაქციოთ, რაც მომავალ თაობებს უკეთეს მომავალს მოუტანს. ჩვენ მივესალმებით პაქტის დამტკიცებას და ველით მის სწრაფ განხორციელებას", - განაცხადა კობახიძემ.

როგორც მთავრობის აღნიშნა, სამიტმა შექმნა პლატფორმა საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ამასთან, მომავალი თაობების შესახებ დეკლარაცია აუცილებელია იმისთვის, რათა მათი ინტერესები იყოს დაცული.

„ამ სამიტმა შექმნა პლატფორმა საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ახლა მთავარი ამოცანა იქნება ნაკისრი ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელება და უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნა”, – განაცხადა კობახიძემ.

„მომავლის სამიტი" გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ეგიდით იმართება. ღონისძიებას გაეროს წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურები, საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.

სამიტს წინ უძღოდა გუტერეშის 2021 წლის ანგარიში „ჩვენი საერთო დღის წესრიგი“ , სადაც გენერალურმა მდივანმა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანი გამკლავებისა და გლობალური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით წევრ სახელმწიფოებს „მომავლის სამიტის“ ჩატარებისკენ მოუწოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ში იმყოფება, სადაც 25 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კობახიძის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან.

მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.