ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით კომისიის წევრები შეთანხმდნენ დაიცვან კანონი, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და საქმიანობა კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართონ.

საქართველოს ენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებით დაიცვან ნეიტრალიტეტი და იხელმძღვანელონ საქართველოს საარჩევნო კოდექსითა და ეთიკის კოდექსით.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება 3.031 საარჩევნო უბანი. არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 52 ათასზე მეტი წევრი განახორციელებს, საიდანაც 26 ათასზე მეტი პირი საარჩევნო ადმინისტრაციამ აირჩია, დანარჩენები კი პარტიების მიერ არიან დანიშნული.

„მინდა რეკომენდაციით მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ქმედებად, მათ შორის, სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციის მიზნებისთვის გამოყენებისგან, პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარემ კომისიების წევრებს რეკომენდაცია მისცა პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალურად გამიჯნონ, მუშაობისას კი დაიცვან ქართული კანონმდებლობა.

„მინდა მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს და მოვუწოდო, საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან როგორც საარჩევნო კოდექსი, ისე ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპები, რომელსაც ჩვენ, ცესკომ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებმა მოვაწერეთ ხელი", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით კომისიის წევრები შეთანხმდნენ დაიცვან კანონი, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და საქმიანობა კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართონ.

კალანდარიშვილმა ასევე გაახმოვანა საბოლოო მონაცემები საარჩევნო კომისიების შესახებ.

მისი ინფორმაციით, 3.031 საარჩევნო უბანში სულ დანიშნულია საუბნო საარჩევნო კომისიების 51.256 ხელმძღვანელი პირი/წევრი. აქედან საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩეულია 26.044 პირი, 3.029 თავმჯდომარის მოადგილე, 3.028 კომისიის მდივანი და 16.956 წევრი.

გარდა ამისა, შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულია 25.212 წევრი. მათგან:

3 030 - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
3 024 – „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა"
2 952 – „ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის"
3 002 – „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი“
3 013 – „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები"
1 295 – „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ („გირჩი“)
3 015 – „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“
2 997 – „ევროპელი სოციალისტები“
2 884 – „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“.

ამასთან, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საოლქო საარჩევნო კომისიები ირჩევენ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ სპეც-ჯგუფის 2-2 წევრს იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც ერთზე მეტი გადასატანი ყუთი მოემსახურება კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებს. ამ მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ჯამში არჩეულია სპეც-ჯგუფის 1.245 წევრი.

26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა XXI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.

2.263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.