ირანის მოქალაქე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი მრავალეპიზოდიანი თაღლითობის და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში იძებნებოდა.

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და „ქოლ-ცენტრების" საქმეზე საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულ ალბანეთის მოქალაქეს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ ძებნილ პირს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

„აღნიშნული პირი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი მრავალეპიზოდიანი თაღლითობის და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში იძებნებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მაღალ პოზიციას იკავებდა და 50-ზე მეტი პირისგან შემდგარ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. იგი კლიენტთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციიდან ჩართული იყო ტრანსნაციონალური დანაშაულის ჩასადენად შექმნილი ელექტრონული პროდუქტების და სერვისების მთელი პორტფელის განაწილებასა და შემდგომ მხარდაჭერაში, რომელთა გამართულ მუშაობაზე დამოკიდებული იყო სხვადასხვა ქვეყნებიდან მოქმედი თაღლითური „ქოლ-ცენტრების" საქმიანობა.

დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხოლოდ ბავარიის მიწის ტერიტორიაზე მცხოვრებ, იდენტიფიცირებულ დაზარალებულთა რაოდენობა 1 ათას პირს აჭარბებს, ხოლო მიყენებული ზიანის ოდენობა 42 მილიონ ევროზე მეტია.

საქართველოს პროკურატურა დაკავებული პირის გერმანიაში ექსტრადიციის მიზნით, შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ გამოვლენის მიზნით.

ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით ანალოგიურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის მიერ 2021-2024 წლების პერიოდში დაწყებულია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული 72 ფიზიკური და 3 იურიდიული პირის მიმართ.

„ქოლ-ცენტრების" საქმე

მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" დიდი ხანია აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი „ქოლ-ცენტრების" უკან საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას. 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში ამის თაობაზე ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ВВС-ს სიუჟეტი გავრცელდა.

ბრიტანული ტელეკომპანიის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან, რომლის მსხვერპლიც ევროპელი პენსიონერები გახდნენ, დავით კეზერაშვილი დგას.

„ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ კეზერაშვილი აფინანსებს მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". „ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს კეზერაშვილი ხელისუფლების ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენელი იყო.

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დანაშაულებრივ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური „კრიშავს". მათი თქმით, არ შეიძლება, რომ სპეცსამსახურებს არ შეემჩნიათ საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობა დედაქალაქში.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაცია ВВС-მ სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა

ამ საქმეზე საქართველოს პროკურატურამ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის გამოსავლენად უკვე ჩაატარა რამდენიმე მასშტაბური ოპერაცია.