ბოლშევიკებთან ბრძოლას გადარჩენილი ქართველი იუნკრების სამხედრო ეპოპეა კოჯორ-ტაბახმელასთან განცდილი მარცხით არ დასრულებულა. ასამდე მათგანი თბილისიდან ბათუმისკენ მატარებლით მიმავალი მენშევიკური მთავრობის დაცვაში გაამწესეს, სადაც ორი გემი იყო ჩამომდგარი: ერთი დროებითი მთავრობის წევრებისთვის, მეორე — სამხედროებისთვის.

იქ, ბათუმში დადგა არჩევანის გაკეთების დრო – სამშობლოში დარჩენა თუ უცხოეთში გადახვეწა. ზოგმა დარჩენა არჩია, ზოგმაც — წასვლა. ვინ იცის, იმ იმედით, რომ იქ განათლება მიეღოთ და მერე ცოდნით აჭღურვილები უკან დაბრუნებულიყვნენ.

რამდენიმე დღის შემდეგ კონსტანტინოპოლში შესული, ქართველი სამხედროებისთვის განკუთვნილი გემიდან 69 იუნკერი ჩავიდა. გენერალ კვინიტაძის შუამდგომლობით, რომელიც ალექსანდრე ჩხაიძესთან ერთად ბოლომდე გვერდში ედგა თავის აღზრდილებს, ხუთი იუნკერი საფრანგეთის სენ-მიქსენის სამხედრო სასწავლებელში გაიგზავნა, ხოლო 13 — საბერძნეთის ანალოგიურ სკოლაში.

იმ დროს სტამბულში იმყოფებოდა დროებითი მთავრობის წარმომადგენელი თურქეთში, მაიორი დიმიტრი შალიკაშვილი — შემდგომში აშშ-ის არმიის ცნობილი გენერლის ჯონ მალხაზ შალიკაშვილის მამა, რომელიც ყოველმხრივ ეხმარებოდა ქართველ გენერლებს იუნკერთა კორპუსის წევრების დაბინავებაში.

ყველაზე დიდი მხარდაჭერა ლტოლვილებს პოლონეთმა აღმოუჩინა: იუნკრები სამხედრო სასწავლებლებში გადაანაწილეს, ხოლო ქართველ გენერლებს – გიორგი ყაზბეგს, ვლადიმერ ბაქრაძეს, ალექსანდრე ჩხაიძეს, ალექსანდრე კონიაშვილს და სხვა მაღალი ჩინის ოფიცრებს თავშესაფარი და სამსახური მისცეს. მათ შორის, თავად დიმიტრი შალიკაშვილსაც.

პოლონეთის მთავრობის მეთაურის, მარშალ პილსუდსკის საგანგებო ბრძანებით ქართველ ოფიცრებს ნება დართეს, პოლონეთის ჯარში საქართველოს მოქალაქის სტატუსით ემსახურათ. აკი დაუფასდათ ეს გულისხმიერება. 1939 წელს, როდესაც გერმანია პოლონეთს თავს დაესხა, ქართველი სამხედროები პოლონელი მოძმეების გვერდით დადგნენ, თუმცა ამის ვალდებულება არ ჰქონდათ.

ქართველი პოდპოლკოვნიკი ვალერიან თევზაძე, მაიორ არტემ არონიშიძესთან ერთად ვარშავის დაცვის ჩრდილოეთ სექტორს სარდლობდა (დაჯილდოვდა პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი — ვერცხლის ჯვრით), კრაკოვის დაცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კი პოლკოვნიკი რომან გველესიანი იყო.

მერე კი, როდესაც ქვეყანას აღმოსავლეთიდან საბჭოთა ჯარებმაც შეუტიეს და წინააღმდეგობამ აზრი დაკარგა, ქართველი სამხედოები პარტიზანულ რაზმებში გადანაწილდნენ და პოლონელთა მხარდამხარ ებრძოდნენ ორი მხრიდან შესეულ დამპყრობლებს.

საბჭოთა უშიშროების ძალებმა პოლონეთში შესვლისთანავე დაიწყეს ნადირობა ქართველ სამხედროებზე. შეიპყრეს და 10 წლით ციმბირში გადაასახლეს იუნკრები ლადო ციბაძე და გრიგოლ იაშვილი. რამდენიმე მათგანი კი 15.000 პოლონელ ოფიცერთან ერთად დახვრიტეს კატინის ტყეში.

ასევე დახვრიტეს გენერალი ალექსანდრე ჩხაიძეც, რომელიც ლვოვში ჩავარდა ტყვედ. საინტერესო ისტორია გადახდა პოზნანის ულანთა მე-15 პოლკის კაპიტან ვანო ბაქრაძეს. ერთ დილას ტყეში ჩაძინებულს თავს საბჭოთა უშიშროების ორი ოფიცერი წადგომია თავს. ვანო მიმხვდარა, რომ ჩავარდა და ვაიმე, დედაო, უნებურად წამოსცდა თურმე ქართულად. ჩეკისტებს დატუსაღებული ბაქრაძე შუაში ჩაუყენებიათ და შტაბისკენ წაუყვანიათ. ცოტა რომ გაუვლიათ, უცბად სროლის ხმა გაისმა თურმე, და წინ მიმავალი ჩეკისტი მოცელილი დაცემულა. შეშინებულ ტყვეს უკან მიუხედავს და... მეორე ჩეკისტს ქართულად უთქვამს, თავს უშველეო.

ომის პირველ წლებში გმირულად დაიღუპა მამაცი მფრინავი კაპიტანი არკადი სხირტლაძე, რომელიც ერთ-ერთ სამხედრო სასწავლებელში პოლონელ მფრინავებს ამზადებდა. 1944 წლის ვარშავის აჯანყებისას კი გერმანელებმა მისი ქალიშვილი, წინააღმდეგობის აქტიური მონაწილე ირინე სხირტლაძე დახვრიტეს. ქართველი იუნკრები იბრძოდნენ საფრანგეთის უცხოურ ლეგიონშიც: გიორგი ოდიშელიძე ბატალიონს მეთაურობდა, ხოლო ივანე (ჟან) ვაჩნაძე — კავალერიის ესკადრონს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ცოცხლად დარჩენილ ქართველ იუნკერთა უმრავლესობამ დასავლეთ ევროპაში, ძირითადად საფრანგეთში ჰპოვა თავშესაფარი. ზოგმა გვარი პოლონურად გადაიკეთა და მათი შთამომავლები დღესაც სახლობენ პოლონეთში.

მთავარი კი ის არის, რომ ამ გულანთებულმა, მამაცმა ადამიანებმა საკუთარი სამშობლოსთვის ვერ იღვაწეს, თუმცა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე საქართველოზე ფიქრობდნენ. ამის დასტურად უცნაურად გადარჩენილი და მოგვიანებით საფრანგეთში საცხოვრებლად გადასული ვანო ბაქრაძის წერილს გაგაცნობთ, მეგობრისადმი მიწერილს:

„შეიძლება ფიქრობდეთ, რომ მე აქ გადავგვარდი. არა, მეწყინება! საქართველოს მიწაა ჩემს ძარღვებში და რაჭის ტალახი ტერფებზე მაცხია. თქვენზე და მადაურობაზე ფიქრით და ოცნებით ვსაზრდოობ. მეკითხებით, რა მენატრება, რომ გამოგიგზავნოთო. ლობიო, ჭადი, ქვე შენი ჭირიმე, უდაბური, ცხრაწყარო, ნაქერალა, ხეითი, ბოყვა, ზვარეთი, მანდ კურდღლებზე განადირება, თქვენი ნახვა. მადაურობაზე მე ჭიპით ვარ მიბმული. სულ მესიზმრება, თითქოს საქართველოში მიმავალ მატარებელზე მაგვიანდება…“

თამაზ ჩიქვანაია