პენტაგონის შეფი ლოიდ ოსტინი უოლტერ რიდის არმიის სამედიცინო ცენტრის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი დაკვირვებისა და მკურნალობისთვის, იუწყება სამედიცინო ცენტრი.

„თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი დღეს დილით მისმა უსაფრთხოების სამსახურმა უოლტერ რიდის სამხედრო-სამედიცინო ცენტრში გადმოიყვანა იმ სიმპტომების გამო, რომლებიც შარდის ბუშტის პრობლემებზე მიუთითებდა. საღამოს, ანალიზებისა და კვლევების სერიის შემდეგ, მინისტრი ინტენსიური თერაპიის ცენტრში მოთავსდა მკურნალობისა და დეტალური დაკვირვებისთვის“, − ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცენტრი წერს, ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დატოვებენ ლოიდ ოსტინს ჰოსპიტალში. თუმცა მედიკოსებს იმედი აქვთ, რომ შარდის ბუშტის პრობლემა გავლენას არ მოახდენს პროსტატის კიბოს ოპერაციის შემდეგ მინისტრის სრულ გამოჯანმრთელებაზე, რომელიც მას გასული წლის ბოლოს გაუკეთდა.

გავრცელებული ცნობით, საავადმყოფოში გადაყვანამდე თავდაცვის მინისტრმა უფლებამოსილება თავის მოადგილეს, კეტლინ ჰიკსს გადასცა. ვითარების შესახებ ინფორმირებულია თეთრი სახლი, კონგრესი და გაერთიანებული შტაბის მეთაური.

ლოიდ ოსტინი ჯანმრთელობის პრობლემების გამო წელს უკვე მეორედ მოხვდა საავადმყოფოში. პირველად ის უოლტერ რიდის ცენტრში მიმდინარე წლის 1 იანვარს გადაიყვანეს, თუმცა უწყებას ამის შესახებ ინფორმაცია მაშინვე არ გაუვრცელებია. სამედიცინო ცენტრმა მხოლოდ 9 იანვარსღა გამოაქვეყნა განცხადება, რომ ოსტინი, რომელსაც 2023 წლის დეკემბერში პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ახალი წლის პირველ დღეს გართულებების გამო გადაიყვანეს ჰოსპიტალში და ოპერაცია გაუკეთეს.

ამ ინფორმაციას ერთგვარი სკანდალი მოჰყვა, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არა მხოლოდ საზოგადოებამ, არამედ პრეზიდენტმა ბაიდენმაც კი არ იცოდა. ამის გამო თეთრმა სახლმა თავდაცვის მინისტრი მწვავედ გააკრიტიკა.