გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს არ აქვს ინსტრუმენტები უკრაინის კონფლიქტის ამჟამინდელი ცხელი ფაზის მოსაგვარებლად, განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილე დმიტრი პოლიანსკიმ.

„რია ნოვოსტის“ შეკითხვაზე, წამოაყენა თუ არა გუტერეშმა იანვრის ბოლოს სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე რაიმე სამშვიდობო ინიციატივა უკრაინის თემაზე, პოლიანსკიმ უპასუხა:

„ანტონიუ გუტერეშს აქვს ძალიან მარტივი პოზიცია. ის ამბობს, რომ, თუ ორივე მხარე გვთხოვს, ჩვენ მზად ვიქნებით შუამავლობისთვისო. მას არ აქვს საკუთარი ინსტრუმენტი, რომელსაც უკრაინის კრიზისის კონკრეტულად ამ ცხელი ფაზის მოსაგვარებლად შემოგვთავაზებდა“.

რუსი დიპლომატის განმარტებით, გაეროს გენერალურ მდივანს გარკვეული რეკომენდაციები შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივასთან დაკავშირებით ჰქონდა და ახლაც „პერიოდულად ცდილობს თავისი იდეების გატანას“, მაგრამ მოსკოვში მიაჩნიათ, რომ მარცვლეულის გარიგების განახლებაზე საუბარიც კი არ შეიძლება, სანამ რუსეთის წინაშე აღებული ყველა ვალდებულება არ შესრულდება.

როგორც პოლიანსკიმ აღნიშნა, უკრაინასთან დაკავშირებული სხვა ინიციატივები და იდეები ანტონიუ გუტერეშისგან არც ახსენდება: „ყოველ შემთხვევაში ჩვენთან არაფერ მსგავსზე არ უმსჯელიათ“, − თქვა მან.