კომპანია SpaceX-ის სატელიტური ქსელები არასდროს გაყიდულა რუსეთში და არ უმუშავია იქ, აცხადებს კომპანიის მფლობელი ილონ მასკი.
„არაერთი ყალბი ინფორმაცია ამტკიცებს, რომ SpaceX რუსეთზე ჰყიდის Starlink-ის ტერმინალებს. ეს კატეგორიულად არ შეესაბამება სიმართლეს. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, Starlink-ის არცერთი ტერმინალი არ გაყიდულა რუსეთზე პირდაპირ ან ირიბად“, − წერს მასკი X-ის აკაუნტზე.
ამასთან მილიარდერი ირწმუნება, რომ მისმა კომპანიებმა „უფრო მეტი გააკეთეს რუსეთის ჩამოშლისთვის, ვიდრე რომელიმე სხვამ“. მისი თქმით, SpaceX-მა რუსეთს კოსმოსური ბიზნესის ორი მესამედი წაართვა, ხოლო Starlink-ი უკრაინას ეხმარებოდა.
მანამდე უკრაინის სამხედრო დაზვერვამ რუსული ჯარები Starlink-ის ტერმინალების გამოყენებაში დაადანაშაულა. როგორც მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) პრესმდივანმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, უწყებას აქვს ახალი მტკიცებულება იმისა, რომ რუსული ჯარები აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე Starlink-ის აღჭურვილობას სისტემატურად იყენებენ.
ამასთან იუსოვმა განმარტა, რომ Starlink-ის ტერმინალები რუსეთზე „ოფიციალურად კი არ იყიდება“, არამედ „პარალელური იმპორტის“ საშუალებით, რაც „არსებითად კონტრაბანდაა“.
სისტემა Starlink-ი არის თანამგზავრების ქსელი დედამიწის ახლო ორბიტაზე, რომელსაც ინტერნეტის მიწოდება იმ შორეულ ტერიტორიებზე შეუძლია, სადაც ნორმალური საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა გათიშულია.