რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასზე ძებნა გამოაცხადა, იუწყება „რია ნოვოსტი“ სამინისტროს ძებნილთა ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით.

„კაია კალასი, 1977 წლის 17 ივნისი. ძებნის საფუძველი: იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით“, − ნათქვამია ბაზაში.
ამასთან სისხლის სამართლის მუხლი, რომლითაც იგი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული და ძებნილთა სიაში შეყვანილი, არ ზუსტდება.

როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, კაია კალასი ცნობილია „რუსოფობიური განცხადებებით“. ის რუსეთს დასავლეთის ქვეყნების მუდმივ საფრთხედ იხსენიებს და ამასთან რამდენჯერმე გამოთქვა სურვილი, პირადად ჩაუდგეს ნატოს სათავეში, რათა მოსკოვს წინააღმდეგობა გაუწიოს. გარდა ამისა, კალასმა არაერთხელ მოითხოვა რუსეთის თავისუფალი სამყაროსგან იზოლაცია.