რუსეთმა არქტიკულ საბჭოში წლიური შენატანების გადახდა შეაჩერა, იუწყება „რია ნოვოსტი“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
„ამჟამად რუსეთის მიერ არქტიკული საბჭოს ბიუჯეტში წლიური შენატანების გადახდა შეჩერებულია მანამ, სანამ ამ ფორმატში პრაქტიკული მუშაობა ყველა წევრი ქვეყნის მონაწილეობით არ განახლდება“, − აღნიშნეს უწყებაში.
ამასთან სამინისტროში განმარტეს, რომ ამ დროისათვის რუსეთის არქტიკული საბჭოდან გასვლის საკითხი არ დგას. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „არქტიკული საბჭო რუსეთისთვის არამეგობრულ ინსტიტუტად ევოლუციონირდება“ − როგორც ეს მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
საერთაშორისო ორგანიზაცია არქტიკული საბჭო 1996 წელს დაარსდა. ეს მაღალი დონის მთავრობათაშორისი ფორუმია, რომელიც არქტიკის რეგიონში გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში თანამშრომლობას უწყობს ხელს. საბჭოში შედიან: დანია (მათ შორის გრენლანდია და ფარერის კუნძულები), ისლანდია, კანადა, ნორვეგია, რუსეთი, აშშ, ფინეთი და შვედეთი. თავმჯდომარე ქვეყნების როტაცია ხდება ორ წელიწადში ერთხელ.
2022 წლის მარტში საბჭომ მუშაობა შეწყვიტა − უკრაინაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო რუსეთისადმი პროტესტის ნიშნად. 8 ივნისს წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მუშაობა განაახლეს, თუმცა რუსეთის მონაწილეობის გარეშე.