სოფო ფოცხვერაშვილმა თავისი ლექსების კრებული საქართველოშიც ჩამოიტანა და ფერეიდნელ ბავშვებსაც გაუგზავნა.

ლექსების წერა უცხოეთში დაიწყო. მათ გამომზეურებას არ აპირებდა, მაგრამ მეგობრებმა დააძალეს, რომ წიგნი დაებეჭდა. 2013 წელს როცა შვილიშვილი მია შეეძინა, სამხიარულო ნოტზე გადავიდა და საბავშვო ლექსების წერა დაიწყო. როცა მისი ლექსების წიგნი გამოიცა, ისინი ქართველ ემიგრანტ ბავშვებს საჩუქრად დაურიგა. საუბარია შვეიცარიაში მცხოვრებ საბავშვო მწერალზე, სოფო ფოცხვერაშვილზე, რომელიც ამ ქვეყანაში 90-იანი წლებიდან მოხვდა. მანამდე ბელგიაში იცხოვრა. ციურიხში მცხოვრები მწერალი წარმოშობით გურჯაანის რაიონის ისტორიულ სოფელ კალაურიდანაა.

- ქალბატონო სოფო, ემიგრაციამდე როგორ ცხოვრობდით?
- თბილისში ჩვეულებრივად ვცხოვრობდით. სკოლა კალაურში დავამთავრე, მერე დაუსწრებლად ვსწავლობდი. მებაღე-მევენახეობის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ინსტიტუტის მერე საქონელმცოდნედ ვმუშაობდი. სანამ ყველაფერი დაინგრეოდა ჩემი მეუღლე იურისტი გახლდათ. ასეთი იყო ჩემი ცხოვრება საქართველოში. 1996 წელს, გაუსაძლისი პირობებისგამო დავტოვეთ საქართველო. ჯერ ბრიუსელში ჩავბარდით. ძნელი იყო უცხო ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრება.

- როგორი იყო თქვენი ემიგრაციის პირველი წლები ბელგიაში?
- ბელგიაში დავინახეთ ლამაზი, სუფთა, განათლებული და გაჭირვებულებზე მზრუნველი ქვეყანა, მეორე მხრივ კი, იძულებითი პატივისცემა და ღიმილი, რაც ქართველებისთვის ძალიან უცხოა. ამას ბავშვები, რასაკვირველია, ვერ გრძნობდნენ. მაშინ ბიჭი თერთმეტი წლის იყო და გოგონა ცხრა წლის. ბელგიაში ჩასვლიდან მეორე დღეს, სამედიცინო კონტროლის გავლისას, ჩემს მეუღლეს მოულოდნელად სიმსივნე აღმოაჩნდა. საავადმყოფოებში ყოფნამ, ენის ბარიერმა და მცირეწლოვან შვილებთან ერთად შეკედლებულმა ცხოვრებამ უფრო დამაბნია. ბრიუსელში მსოფლიოს ყველა ქვეყნის ადამიანებთან ერთად საერთო საცხოვრებელში ყოფნისგან დათრგუნულები ვიყავით.

- ამის მერე იძულებული გახდით ბელგია დაგეტოვებინათ?
- ერთი წლისა და სამი თვის მერე ნეგატივი მოგვცეს, ანუ უარი გვითხრეს. იძულებული გავხდით ბელგია დაგვეტოვებინა. შემდეგ ვცადეთ და გადავედით შვეიცარიაში, სადაც ქალაქ ციურიხში მოვხვდით. ამ ქვეყანაში ჩვენს დარჩენასაც დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ მეუღლის ავადმყოფობის გამო დაგვტოვეს, ქართული ანდაზის არ იყოს, "ზოგი ჭირი მარგებელიაო" გამოვიდა. ევროპულ ცხოვრებას მანამდე, ბელგიაში ავუღეთ ალღო, ამიტომ ციურიხში შეგუება აღარ გაგვჭირვებია, განსაკუთრებით ბავშვებს გაუადვილდათ.

- ციურიხში როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?
- 2008 წელს, მეუღლის გარდაცვალების მერე, სასტუმროს სამზარეულოში დამხმარე თანამშრომლად მუშაობა დავიწყე. მანამდე არავითარ სამუშაოს არ ვთაკილობდი. ახლა დიდი ხანია პენსიაზე ვარ. როცა ციურიხში დავბრუნდი, სურვილი გამიჩნდა, რომ ჩემი წიგნები უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტი ბავშვებისთვის მიმეწვდინა. პირველად დავუკავშირდი ათენის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარეს, ბატონ ავთანდილ მიქაბერიძეს, რომელმაც ეს საჩუქარი სიამოვნებით მიიღო. მას ჩემი საბავშვო ლექსების კრებულის 80 ეგზემპლარი გადავეცი. ამის შემდეგ გეგმა დავსახე, რომ სადაც კი ხელი მიმიწვდებოდა, ყველა ქვეყანაში ჩავსულიყავი და პატარა ქართველები გამეხარებინა. დარწმუნებული ვარ, რომ დედამიწა, სიყვარულზე დგას.

- თქვენი ლექსები ქართველი ემიგრანტების ბავშვებმა ზეპირად იციან...
-სანამ ჩავალ, ამა თუ იმ ქვეყანაში წინასწარ ვგზავნი ხოლმე წიგნის ეგზემპლარს, ბავშვები სწავლობენ თითო ლექსს და ზეიმზე ამბობენ. რამდენიმე მშობელმა სხვადასხვა ქვეყნიდან მომწერა და გამომიგზავნეს ვიდეოები, სადაც მათი შვილები სთხოვენ დედებს, "ეს წამიკითხე, აქ რა წერიაო". იქ ჩანს, როგორ ფურცლავენ ჩემს წიგნს და აღწერენ სურათებს, როგორ კითხულობენ, ეს რა ასოაო. ბევრი ბავშვი ქართულად კარგად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ლექსისა და სურათის აღქმას ცდილობენ. როცა ადგილზე ჩავდივარ, პატარები გარს მეხვევიან, ჩემს ლექსებს ამბობენ, თვითონაც ხარობენ და მეც მახარებენ!..

ნინო მამულაშვილი