კერძო კოლექციაში დაცულ ფერწერულ ნამუშევარს საექსპერტო კვლევა ჩაუტარდა და ნიკო ფიროსმანაშვილის ავტორობა დადასტურდა.

დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ნახატია აღმოჩენილი, ნათქვამია კულტურის სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფიროსმანის ფერწერული ნამუშევარი „ირემი" ფერმწერ ლაშა შენგელიას სახლში წლების განმავლობაში ინახებოდა.

კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარს საექსპერტო კვლევა ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში ჩაუტარდა და ნიკო ფიროსმანაშვილის ავტორობა დადასტურდა.

„დადასტურდა რომ ეს ნამუშევარი ნამდვილად ეკუთვნის ფიროსმანს, ეს არის ორიგინალი, ეს ნამუშევარი შეძენილი აქვს მამაჩემს 1960 წელს და 64 წლის განმავლობაშ იმყოფება ჩემ ოჯახში", - განაცხადა ლაშა შენგელიამ.

კულტურის სამინისტროს ცნობით, ლაშა შენგელიამ ლაბორატორიას საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად 2023 წლის 2 აგვისტოს მიმართა და წარადგინა ნამუშევარი, რომელსაც ახლავს ხელმოწერა: „ნიკო ფიროსმანაშვ..."

„ეს არის მუყაო, ტილოზე დუბლირებული და ქვეჩარჩოზე. ნახატი შესრულებულია ზეთით, ზომა - 80,5x102. ნამუშევარი რესტავრირებულია", - აღნიშნავენ სამინისტროში.
საექსპერტო კვლევა მიზნად ისახავდა ნამუშევრის ავთენტიკურობის განსაზღვრას, რაც მოიცავს კომპლექსურ-სახელოვნებათმცოდნეო და ტექნოლოგიურ კვლევას.

ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია, რომელსაც ირაკლი ფარჯიანის სახელი მიენიჭა, 2023 წელს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა.

ლაბორატორია მოწყობილია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და აღჭურვილია უმაღლესი ტექნოლოგიური აპარატურით.

ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში მიმდინარეობს ხელოვნების მუზეუმში დაცული სახელოვანი მხატვრების, უპირველესად კი - ფიროსმანის, ნამუშევრებიდან მიკროსკოპული ნიმუშების შეგროვება და ლაბორატორიისათვის აუცილებელი ტექნოლოგიურ მონაცემთა ბაზის შექმნა. ამ პროცესში, მუზეუმის გადამზადებულ თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ესპანელი ექსპერტიც.