ეს არის პირველი და ისტორიული შემთხვევა, როდესაც ფიროსმანის ნამუშევარი ასეთი მასშტაბით იქნა წარმოდგენილი ევროპაში, აღნიშნავენ კულტურის სამინისტროში.

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის საგამოფენო სივრცეს 19 კვირის განმავლობაში ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 85 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია, ნათქვამია ოფიციალური სამადლობელი წერილში, რომელიც საქართველოს კულტურისა სპორტის სამინისტრომ ბეილერის ფონდისგან მიიღო.

2023-2024 წლებში ფიროსმანის ნამუშევრები საერთაშორისო მნიშვნელობის ოთხ საგამოფენო ცენტრში გამოიფინა. პირველი პერსონალური გამოფენა დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. ამის შემდეგ ექსპოზიციამ გადაინაცვლა შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში.

ბეილერის ფონდმა გამოფენის კარგი ორგანიზებისთვის მადლობა გადაიხადა და აღნიშნა, რომ ექსპოზიციას ესტუმრა ქართული დიასპორის ბევრი წარმომადგენელი. აღნიშნულია, რომ გამოფენის შესახებ დადებითი გამოხმაურებები დატოვეს ცნობილმა საინფორმაციო საშუალებმა, მათ შორის არიან Financial Times, Frankfurter Allgemeine Zeitung, Le Monde და Neue Zürcher Zeitung.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირველი და ისტორიული შემთხვევა, როდესაც ევროპაში ფიროსმანის შემოქმედება ასე მასშტაბურად წარმოჩნდა. დანიასა, და შვეიცარიაში ფიროსმანის 48 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომელთაგან 47 ნახატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდს ეკუთვნის, ხოლო ერთი ნახატი შეირჩა მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმიდან“, - ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

თითქმის ერთი წლის შემდეგ ნიკო ფიროსმანის 50-ამდე ნამუშევარი საქართველოში უვნებლად დაბრუნდა, აღნიშნეს უწყებაში.

ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.