საქართველოს პოზიციები მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში 12 ადგილით გაუმჯობესდა.

საქართველომ შეზღუდულ პროგრესს მიაღწია გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით - ამ უფლებას ქვეყანაში პატივს სცემენ და მხარს უჭერენ, მაგრამ ოპოზიციური მედიის მფლობელების სისხლისსამართლებრივი დევნა გახშირდა, ხოლო ჟურნალისტებზე თავდასხმების გამოძიება ჯერ კიდევ არაეფექტურია, ნათქვამია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.

თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიაგარემო - ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მეშვიდეა. ევროკომისიის 8 ნოემბრის ანგარიშში მოცემულია საქართველოს მიერ თითოეული პირობის შესრულების შეფასება და რეფორმების გაგრძელების რეკომენდაცია. ამავდროულად, ევროპულ საბჭოს მიეცა რეკომენდაცია, მიანიჭოს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

„რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, საქართველო არის გარკვეულწილად მომზადებული და მიაღწია შეზღუდულ პროგრესს. გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. საქართველოს პოზიციები მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა 12 ადგილით. ონლაინ მედიაგარემო არ არის შეზღუდული და ის არის მზარდად მრავალფეროვანი. სამოქალაქო საზოგადოებას აქტიურად შეაქვს წვლილი პოლიტიკურ დიალოგში“, - ნათქვამია ანგარიშში.

ევროკომისიამ აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიციები მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა 12 პოზიციით (89-ე ადგილიდან 2022 წელს 77-ე პოზიციაზე 2023 წ.)

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო აგრძელებს საკუთარი კანონმდებლობის აუდიო-ვიზუალური მედიასერვისის დირექტივასთან (AVMSD) შესაბამისობაში მოყვანას და ოქტომბერში დაამტკიცა შესაბამისი შესწორებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში.

ეროვნული მარეგულირებლის, კომუნიკაციების კომისიის ეფექტური დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ რჩება უზრუნველსაყოფი. პარლამენტი ამჟამად განიხილავს შესწორებებს ამასთან დაკავშირებით.

„მედიაგარემო დიდწილად პლურალისტულია, მაგრამ, ასევე, ძალზედ პოლარიზებული და მუშაობს მტრულ გარემოში. საქმიანი და პოლიტიკური ინტერესების გადაკვეთა აგრძელებდა დაბრკოლების შექმნას მედიის დამოუკიდებლობაში“, - აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც ევროკომისიამ აღნიშნა, საქართველოში ადგილი ჰქონდა დაშინებას და ფიზიკურ თუ ვერბალურ თავდასხმებს მედიის წარმომადგენლებზე, განსაკუთრებით წინასაარჩევნო დემონსტრაციების კონტექსტში.
„შემდგომი გამოძიება ჯერ არ არის ეფექტური“, - ნათქვამია ანგარიშში.

ევროკომისიამ ყურადღება გაამახვილა ხისტ განცხადებებზე, რომლებიც ისმის მედიის მიმართ მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებისგან.

„სასამართლო დევნა და გამოძიება ოპოზიციური მედიის მფლობელების მიმართ გახშირებულია. ბოლო ვერდიქტებს ნეგატიური ეფექტი ჰქონდა კრიტიკულ მედიაგაშუქებაზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.
მას შემდეგ რაც ევროკომისიამ მიმდინარე წლის ივლისში შუალედურ ანგარიშში დაწერა, რომ საქართველომ პროგრესს ვერ მიაღწია მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების მიმართულებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

8 ნოემბრის ანგარიშში ევროკომისია ასევე შეეხო მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს, რაც ევროკავშირის მერვე რეკომენდაციას წარმოადგენდა.

„რჩება პრობლემები შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელების კუთხით, განსაკუთრებით ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველ სიტუაციაში არიან. ეს მოიცავს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, რაც გამოჩნდა 2023 წლის ივლისში „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებზე ძალადობრივი თავდასხმისას“, - ნათქვამია ანგარიშში.

ლგბტქ+ თემის მხარდამჭერთა ფესტივალი „თბილისი პრაიდი“, რომელიც 8 ივლისს ლისის ტბის მიმდებარედ კერძო ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, იმის გამო ჩაიშალა, რომ ფესტივალის ასობით მოწინააღმდეგემ პოლიციის კორდონები გაარღვია. პოლიციამ ორგანიზატორებისა და მონაწილეების ევაკუაცია მოახდინა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ღონისძიება ძირითადად ჩაიშალა იმის გამო, რომ ღია ტერიტორიაზე შეკრებილების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა აქციის მონაწილეთა დიდი რაოდენობის პირობებში ძალიან რთული იქნებოდა.

ევროკომისიამ ასევე აღნიშნა, რომ 5 ოქტომბერს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიიღო შესწორებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში.

„სამოქალაქო საზოგადოებამ და სახალხო დამცველმა გამოხატეს შეშფოთება ამ კანონთან დაკავშირებით და პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო 17 ოქტომბერს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად მიღებული შესწორებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.

მმართველ პარტიაში შესწორებების დაჩქარებული წესით მიღების მიზეზად დაასახელეს სუსის გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ.

სუსის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში არეულობა იგეგმება 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.