ქართული საზოგადოება ვერ იქნება ტოლერანტული ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მიმართ, განაცხადა დეპუტატმა

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამზადებს ინიციატივას ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის მიზნით, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

„თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები ძალიან პრინციპულად უნდა იყოს და იქნება დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, თუმცა, არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების და მისი მომავლის წინაშე“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, უახლოეს ორ კვირაში კანონპროექტი შემუშავდება და წარედგინება პარლამენტს.

„კანონპროექტში სრულად იქნება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები“, - განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას და პირდაპირ კრძალავს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, სქესის, წარმომავლობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან კლასობრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნების მიხედვით, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

„საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ პროპაგანდას აქტიურად უნდა დავუპირისპირდეთ და ამისათვის საკანონმდებლო მექანიზმებიც უნდა გამოვიყენოთ. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მან აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება არ არის და ვერ იქნება ტოლერანტული ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მიმართ.

„ვხედავთ მძიმე ტენდენციებს მსოფლიო მასშტაბით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების კუთხით. ეს პროპაგანდა სულ უფრო უხეშ ფორმებს იძენს. რაც მთავარია, პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები“, - განაცხადა მდინარაძემ.

მან მოიშველია საერთაშორისო კვლევები, რომლებიც ცხადყოფს, რომ მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდება ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, 18-25 წლის ახალგაზრდებს შორის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობა უკვე დაახლოებით 20 პროცენტს, ზოგან კი მეტსაც შეადგენს.

„ფსევდოლიბერალური იდეოლოგია კი სერიოზული საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის, რასაც საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მან აღნიშნა, რომ პროპაგანდის აკრძალვა პრევენციული ღონისძიებაა.

„2017 წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება შევზღუდეთ და საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩავწერეთ, რომ ქორწინება, ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ამის მიუხედავად, შეიძლება აღმოვჩნდეთ რეალობის წინაშე, როდესაც მოგვთხოვენ ე.წ. „სამოქალაქო პარტნიორობის“ დაკანონებას“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ილაშქრებს ისეთი ტერმინების წინააღმდეგ, როგორიცაა დედა და მამა, ცოლი და ქმარი და ა.შ., რაც ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია.

„მეტიც, ამგვარი აგრესიული პროპაგანდა პირიქით, უარყოფითად მოქმედებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებების დაცვაზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

მზარდი ლიბერალური მოძრაობების ფონზე გენდერის გაუფასურების თემა ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლება კონსერვატიულ შეხედულებებს ემხრობა. ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების მნიშვნელობაზე და ლგბტ პროპაგანდის დაუშვებლობაზე.