საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდაა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი სამშობლოში აშშ-დან წარმატებული ასპარეზობის შემდეგ 28 მედლით დაბრუნდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველმა სამხედრო პარასპორტსმენებმა „საჰაერო ძალების თამაშებში“ (Air Force & Marine Corps Trials), რომელიც აშშ-ის ნევადის შტატში, ქალაქ ლას-ვეგასის საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე გაიმართა, 12 ოქროს, 11 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

„ჩვენმა სამხედროებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს მებრძოლი სული და წარმატებით წარმოაჩინეს საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე. სახელმწიფო და საზოგადოება ვალდებულნი ვართ, მათ მხარი დავუჭიროთ და ღირსეული პირობები შევუქმნათ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმაირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა ტურნირის ფარგლებში სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში იასპარეზეს. სამხედროებმა წარმატებული შეხვედრები გამართეს მჯდომარე ფრენბურთში, პარაკალათბურთში, პნევმატური პისტოლეტითა და შაშხანით სროლაში, მშვილდოსნობაში, მძლეოსნობაში, სავარჯიშო მოწყობილობაზე ნიჩბოსნობაში, ველოსპორტსა და ცურვაში.

„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველმა სამხედროებმა მეორედ მიიღეს მონაწილეობა. სპორტული თამაშების მიზანია, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენება.