დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე თბილისსა და რეგიონებში 10 ადამიანი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
დაკავებულებში ყველაზე უფროსი 55 წლისაა, ყველაზე უმცროსი - 18 წლის. საქართველოს მოქალაქეების გარდა, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს შორის არიან ისრაელისა და ბელარუსის მოქალაქეებიც. ოპერაცია ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში.
დაკავებულთა სახლებიდან, მანქანებიდან და ასევე სამალავებიდან ამოღებულია 440 აბი „ექსტაზი“, 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ე.წ. სირეცი, ასევე „ბიო“, სუბოქსინი, ამფეტამინი, კოკაინი, ჰაშიში და მარიხუანა.
ყველაზე დიდი პარტია - 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ე.წ. სირეცი - ამოღებულია ფონიჭალაში. ამ რაიონში დაკავებულ ორ პირს ასევე აღმოაჩნდა 97,4 ათასი დოლარი, 6100 ლარი და 2,8 მილიონი რუსული რუბლი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით. დაკავებულებს დამამძიმებელი გარემოებებიდან და ამოღებული ნარკოტიკის ოდენობიდან გამომდინარე 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
წყარო - შსს