tanjobanaრუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს რუსეთის შორეულ მხარეში მცხოვრებ ჩვენს ნიჭიერ თანამემამულეს გაგაცნობთ.

მზია ცქიფურიშვილი - რუსეთში, კერძოდ, უსურიისკში 80-იან წლებში ჩავიდა. იქ უმაღლესის შემდეგ განაწილების მოხვდა. თავიდან ინგლისური ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. შემდეგ მასში შემოქმედებითმა ნიჭმა გაიღვიძა და თეატრის სცენაზე გადაინაცვლა. ქალაქში, სადაც დასახლდა, მეუღლესთან ერთად თოჯინების თეატრი დააარსა. წერს პიესებს სპექტაკლისთვის და თოჯინებსაც თვითონ აკეთებს.

ბოლო დროს მისი ნიჭი სხვა მიმართულებითაც განვითარდა. იაპონური ხელოვნება Tanjobana ე. წ. „აბრეშუმის ფლორისტიკის“ ერთგვარი სკოლაა. ხელოვნების ეს მიმართულება ქალბატონმა მზიამ თავად იაპონელი ოსტატისგან შეისწავლა. მისმა ხელნაკეთმა ნივთებმა და ცოცხალს მიმსგავსებულმა, ულამაზესმა ყვავილებმა ყველა აღაფრთოვანა, რისთვისაც უკვე ბევრი სერთიფიკატი და ჯილდო გადაეცა.

kvavili-ქალბატონო მზია, დღევანდელი გადასახედიდან ყველაზე მოულოდნელი რა აღმოჩნდა თქვენს ცხოვრებაში?

- ყველაზე მოულოდნელი თავად ცხოვრებაა, რომელიც ყოველ დღე და წუთს გვაოცებს და თუკი უფლის კანონებით ვიცხოვრებთ, გვაჯილდოებს კიდეც კარგი მეგობრებით, კარგი შვილებით, ოჯახით და ყოველდღიური სიხარულით... ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ჩემი ქვეყნიდან ასე შორს ვიცხოვრებდი და ჩემი სპეციალობისგან განსხვავებულ სფეროში დავიმკვიდრებდი ადგილს...

-დღეს მეუღლესთან ერთად თოჯინების თეატრის დამაარსებელი და სცენარის ავტორი ხართ...

- გამორჩეული სიყვარული თეატრის მიმართ ყოველთვის მქონდა. თბილისში, ბავშვობაში ხშირად დავდიოდი თეატრში. განსაკუთრებით, მიყვარდა თოჯინების თეატრი, რომელიც ჩემთვის ჯადოსნური სამყაროს წარმოადგენდა. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით გადავიდოდი საცხოვრებლად და მე საკუთარი თეატრი და დასი მეყოლებოდა. დღეს ბავშვებისთვის თავად ვწერ პიესებს, დაწერილი მაქვს: "მხიარული არდადეგები", "ერთი დილის ისტორია", "დაკარგული სინდისი", "უკვე დროა", "სამოთხის ჩიტები" და საზეიმო თარიღებთან დაკავშირებული სხვადასხვა სცენარები. ჩემი პირველი პიესა "მხიარული არდადეგები“ იყო და ის სტიმული გახდა, რომ წერა მომავალშიც გამეგრძელებინა.

- გარდა პიესებისა, თოჯინებსაც თავად ქმნით და დეკორაციებიც თქვენია...

- დიახ, ყველა პიესის თოჯინებს და დეკორაციებს მე თავად ვამზადებ. მათ ისეთი მასალისგან ვამზადებ, როგორიცაა პარალონი, მათი სამოსისთვის სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილს ვიყენებ. ესა თუ ის თოჯინური პერსონაჟი ჯერ ჩემს წარმოსახვაში ჩნდება და როდესაც საბოლოო სახეს მიიღებს, შემდეგ ვასხამ ხორცს, გამოდის, რომ პაპა არა, მაგრამ „ბებო კარლო“ ვარ. შემდეგ სპექტაკლზე მუშაობა იწყება, რაც თვეობით გრძელდება. გასტროლებს ხშირად ვაწყობთ, ბავშვები გველოდებიან და უკვე კარგად იციან ჩვენი სპექტაკლები, რაც ძალიან გვახარებს.

vardebi- თქვენ ასევე ხატავთ და საოცარ ნაკეთობებს ქმნით-თქვენი ყვავილების გამორჩევა ნამდვილისგან ძალიან ძნელია...

- ყვავილების დამზადება ახლახან დავიწყე. ერთხელ შემთხვევით ინტერნეტში ვნახე და დამაინტერესა. ეს არის იაპონური ხელოვნება, სახელად "სომებანა" და „ტანჯობანა"- თავისებური მედიტაციაა, ოღონდ, აბრეშუმის ქსოვილით. იაპონური ტექნიკა "სომებანა" ყვავილების შექმნის უძველესი, ტექნოლოგიურად ძალიან რთული და შემოქმედებითად საინტერესო პროცესია. მათი დამუშავება ხდება სპეციალური ინსტრუმენტებით, რომლებიც იაპონელი ოსტატების მიერაა შექმნილი და რეკომენდირებული.

ისე მომეწონა ამგვარი ნაკეთობები, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, იაპონიაში ამ ჟანრის ოსტატს დაუკავშირდი და მასთან ონლაინ-კურსები გავიარე. როგორც ჩანს, წარმატებით, რადგან ოსტატის სერთიფიკატი გადმომცეს და უკვე რამდენიმე დიპლომიც მაქვს. მასალა, რითიც ასეთი ყვავილები მზადდება იაპონური აბრეშუმი, საღებავები და ფუნჯებია, ინსტრუმენტებიც იაპონურია. ამ ყველაფერს იაპონიიდან ვიწერ და ვყიდულობ.

- მზიანი საქართველოს შემდეგ როგორ შეეგუეთ უსურიისკის კლიმატს და ახალ ურთიერთობებს?

- ზამთრის გარდა ყველა სხვა სეზონზე კლიმატი საქართველოსას წააგავს, სხვათა შორის, ერთ პარალელზე ვართ. ურთიერთობაც ისეთივეა როგორც თბილისში, თუმცა, იქ უფრო თბილია და განსხვავებული, ყოველი შემთხვევისთვის, მე ასეთი მახსოვს... უფლის მადლით, ვცდილობთ, რომ აქ საქართველოს ღირსეული ელჩები ვიყოთ. გასტროლები ყველგან გვაქვს: ზღვისპირეთში, ხაბაროვსკის მხარეში, ამურის ოლქში და ა.შ....

mzia vardi- საქართველოში თუ აპირებთ?

- საქართველოში გასტროლები დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ისე მართლა კარგი იქნებოდა. სამ-ოთხ სპექტაკლს წამოვიღებდით და ვუჩვენებდით ქართველ ბავშვებს, მათი აზრი საინტერესო იქნება ჩვენთვის. მომავალში ქართული ზღაპრის დადგმას ვაპირებთ...

- გჯერათ, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია და სიყვარული იმარჯვებს?

- მჯერა! იმიტომ, რომ ქრისტიანი ვარ, სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს, რადგან თვითონ უფალია სიყვარული!...

 

თეონა გოგნიაშვილი

Read more: https://sputnik-georgia.com/people/20190807/246172091/Tanjobana-mzia-cqipurishvili.html