მისთვის მუსიკა პირველ ადგილზეა და საკუთარ მომავალს სწორედ მას უკავშირებს. სპორტი კი, როგორც გვითხრა ყოველთვის იყო, არის და იქნება მის ცხოვრებაში.

ამ სტატიის გმირი, სალომე ლომიძე, ერთნაირად წარმატებულია სპორტსა და მუსიკაში. ცურვაში არა ერთ ჩემპიონატში აქვს მონაწილეობა მიღებული და ჩემპიონის ტიტულიც არა ერთგზის მოიპოვა. ამასთან პროფესიონალი მევიოლინეა და სხვადასხვა სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად სოლო-კონცერტებით გამოდის.

მისი პირველი შემაჯამებელი კონცერტი 2014 წელს საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა ორკესტრთან ერთად, რომელსაც ბატონი რევაზ ტაკიძე დირიჟორობდა. მეორე კონცერტი იყო 2015 წელს ორკესტრთან ერთად, რომლის დირიჟორი ბატონი რევაზ ჯავახიშვილი იყო. სპორტი და მუსიკა ერთად, მისთვის შეუცვლელი სტიმულია და სულიერი ჰარმონიის მოპოვებაში ეხმარება.

- სალომე, მოდი, საუბარი მუსიკით დავიწყოთ: ვინ გაზიარათ მუსიკის სამყაროს?
-პირველ რიგში, მინდა ვახსენო ჩემი მშობლები, რომლებიც ჩემთვის გმირები არიან, რათა თავს არ ზოგავენ, რომ სრულყოფილი განათლება მივიღო. მინდა ასევე დიდი პატივისცემით ვახსენო ჩემი პედაგოგები, პროფესორები: ნოდარ ჟვანია და ოთარ ჩუბინიშვილი. ბატონი ნოდარი ჩემი სპეციალობის პედაგოგია, რომელიც ამავე დროს კარგი მეგობარი და მრჩეველია. ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში არის კიდევ ერთი საოცარი მუსიკოსი და პედაგოგი, ბატონი თამაზ ბათიაშვილი. შეიძლება ითქვას, ბედნიერი ვარ, რომ მუსიკალურ სამყაროდან ამ სამ გიგანტ ადამიანთან და მუსიკოსთან შეხება და ურთიერთობა მაქვს.

- გაიხსენეთ რომელი იყო თქვენთვის საეტაპო კონცერტი?
- საეტაპო იყო მუსიკალურ ათწლედში წლის შემაჯამებელი კონცერტი, რომელიც ოპერის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა. ვოცნებობ დავუკრა ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტი. ისე, ყველაზე დიდ სიამოვნებას ბახის ფენომენალური მუსიკა მანიჭებს.

-ვიცი, რომ ცურვაზე თქვენი სურვილის გარეშე მიგიყვანეს, რატომ არ გინდოდათ?
- დიახ, ცურვაზე რომ შემიყვანეს, რაც უნდა სასაცილოდ ჟღერდეს ამის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან მეშინოდა. მანამდე ციგურულ სრიალზე დავდიოდი რამდენიმე წელი, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით თავი დავანებე. შემდეგ შევედი ჩოგბურთზე, რომლის ფანი დღემდე ვარ და თავისუფალ დროს სულ ვთამაშობ, მაგრამ მასაც მალევე დავანებე თავი, რადგან გავიგე, რომ ვიოლინოსთვის შეუთავსებელი სპორტის სახეობაა და დიდი ალბათობა იყო, რომ ხელი გამფუჭებოდა.

- საბოლოოდ ისე დაძლიეთ ცურვის შიში, რომ რამდენჯერმე თქვენს სახეობაში ოქროს მედალი აიღეთ, ასეა?
- ასეა, დროთა განმავლობაში იმდენად შემიყვარდა სპორტის ეს სახეობა, რომ დღეს ჩემპიონი ვარ ბრასით ცურვაში და ცხოვრება ცურვის გარეშე ვერ წარმომიდგენია. 2013 წელს ჩვეულებრივი ჯგუფიდან გადამიყვანეს საქართველოს ნაკრებში, სადაც მწვრთნელებთან, ირინა მინჟულინასა და გია მთვრალაშვილთან ვვარჯიშობ. რაც უნდა მოხდეს, ყველანაირად ვეცდები, რომ ცურვა არასოდეს მივატოვო.
სალომე ლომიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2023

- თქვენი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა?
- ჩემზე გავლენა იქონია ისეთ პროფესიონალთან ურთიერთობამ, როგორიც თამაზ ბათიაშვილია. ის გავიცანი 2012 წელს, ფესტივალზე "Traveling Notes", რომელიც საქართველოში ტარდებოდა. მე იმ ფესტივალის ყველაზე პატარა მონაწილე ვიყავი. ორკესტრი დაახლოებით 60-70 მუსიკოსისგან შედგებოდა და მასში იყვნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მუსიკოსები. ორი კვირის განმავლობაში კონცერტები, ექსკურსიები და მასტერ-კლასები გვქონდა. სწორედ ამ დროს შემამჩნია ბატონმა თამაზ ბათიაშვილმა, რომელმაც მითხრა, რომ უნდოდა მისი კლასის მოსწავლე ვყოფილიყავი. ბატონ თამაზს უზადო პროფესიონალიზმის გარდა აქვს რაღაც ისეთი, რაც შენზე მოქმედებს და პიროვნებად და მუსიკოსად გაყალიბებს, გემოვნებას გიხვეწავს. ამის მერე, მუსიკალურ სამყაროსაც და ცხოვრებასაც სულ სხვა თვალით უყურებ.

ნინო მამულაშვილი

წყარო:https://sputnik-georgia.com/20230328/salome-lomidze-276185965.html