ტელევიზიაში კორექტორის პროფესია, რომელიც მეტყველების სისუფთავეს შეამოწმებს, აუცილებლობაა, აცხადებენ მრგვალი მაგიდის მონაწილეები, რომელიც დედაენის დღეს მიეძღვნა.

მოწვეული სპიკერები - პოეტი, პუბლიცისტი ნინო ქუთათელაძე და საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, პოეტი დავით შემოქმედელი - შეთანხმდნენ, რომ ტელევიზიაში და პრესაში ქართული ენის სიწმინდისთვის, კორექტორის პროფესია უნდა აღდგეს.

„აუცილებელია ამ პროფესიის დაბრუნება, ჩემი აზრით, ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი და პატრიოტი იტყვის, რომ სტილისტი, ენის სპეციალისტი უნდა დაბრუნდეს ტელევიზიაში, თორემ ყველა ზღვარი გადაილახა, დიქტორის ენა ზოგჯერ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“, - განაცხადა შემოქმედელმა.

ქუთათელაძის თქმით, კორექტორის პროფესია ახლა განსაკუთრებით აქტუალურია, თუმცა დაფინანსების შემცირების გამო, ასეთი თანამდებობა იშვიათად გვხვდება.

„ეს შრომატევადი საქმეა, ამიტომ ჩვენი ტელევიზია და პრესა საერთოდ ვერ უმკლავდება ტექსტებს“, - ამბობს ქუთათელაძე.

ენობრივი იმუნიტეტი და ბარბარიზმები წარსულში და დღეს

ბარბარიზმები დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა თანამედროვე ქართულ ენაში, განაცხადა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ მრგვალ მაგიდაზე.

მრგვალი მაგიდა დედაენის დღეს მიეძღვნა, რომელიც ყოველწლიურად 14 აპრილს აღინიშნება საქართველოში.

ავთანდილ არაბულის თქმით, ბარბარიზმებმა დღეს ქართული ენა გადაავსო. ახალგაზრდა თაობა ზოგჯერ ვერც კი ამჩნევს „პარაზიტებს“ მეტყველებაში.

„ჩემ დროს ბარბარიზმების გამოყენება სამარცხვინო იყო. დღეს ბავშვებმა არ იციან, რომ „კაროჩე“ და „ვაფშე“ ქართული სიტყვები არ არის. ჩვენ მაშინ ეს ვიცდით, რადგან არსებობდა, როგორც მე ვუწოდებ, ენობრივი იმუნიტეტი. ვისაც ენობრივი იმუნიტეტი აქვს, არაფერი ემუქრება, რადგან იცის, რა საშიშროებაა პარაზიტები და ბარბარიზმები“, - განაცხადა არაბულმა.

დედაენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაფუძნდა. 45 წლის წინ სწორედ ამ დღეს გაიმართა თბილისში მასობრივი გამოსვლები მშობლიური ენის დასაცავად, რის წყალობითაც ქართულმა ენამ შეინარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი საქართველოს სსრ კონსტიტუციაში.

ქართული ენა საქართველოს ოფიციალური ენაა და მასზე ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს მთელ მსოფლიოში.