უცხოელი სტუდენტების რაოდენობამ უნივერსიტეტებში სტუდენტთა საერთო რაოდენობის 17,4% შეადგინა.

2023/2024 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 22,5%-ით გაიზარდა და 30,7 ათასი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

საქართველოს უნივერსიტეტებში სტუდენტთა საერთო რაოდენობამ 177,8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელზე 10,2%-ით მეტია.

ამასთან, უცხოელი სტუდენტების რაოდენობამ უნივერსიტეტებში სტუდენტთა საერთო რაოდენობის 17,4% შეადგინა.

საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუდენტების დიდი უმრავლესობა - 27.750 პირი სწავლობს სამედიცინო და სოციალურ ფაკულტეტებზე. მეორე ადგილზეა სოციალურ მეცნიერებებთან, ბიზნესთან და სამართალთან დაკავშირებული სპეციალობები - 1.392 სტუდენტი.

შედარებისთვის, 2015-2016 სასწავლო წელს საქართველოში მხოლოდ 6.643 უცხოელი სწავლობდა.

ბოლო ხუთი წლის მონაცემები:

2019-2020 – 13.327 უცხოელი სტუდენტი
2020-2021 – 14.617 უცხოელი სტუდენტი
2021-2022 – 17.501 უცხოელი სტუდენტი
2022-2023 – 25.069 უცხოელი სტუდენტი
2023-2024 - 30.701 უცხოელი სტუდენტი.